“ღამის ინტერვენცია” – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში

“ღამის ინტერვენცია” – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში

676
გაზიარება

თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა “ღამის ინტერვენცია” 31 აგვისტოს, 20 საათზე გაიხსნება. მუზეუმმა ინტერვენციის გრძელვადიან პროექტში მონაწილეობისთვის ხელოვანები უტა ბექაია და ლევან მინდიაშვილი და კურატორი ელენე აბაშიძე მიიწვია. პროექტის ფარგლებში გამოფენის გახსნის ნაწილს წარმოადგენენ არტისტ უტა ბექაიას სკულპტურულ კოსტიუმებში გამოწყობილი სამი პერფორმერი, რომლებიც დამთვალიერებელს მოქმედებასა და სტატიკურ სკულპტურაზე არსებული ტრადიციული შეხედულებების ახლებურ გააზრებას შესთავაზებენ.
​როგორც ,,სითი კვირას“ მუზეუმში განუცხადეს, პროექტი არის ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელშიც ინტერვენცია არა მხოლოდ ინსტიტუციონალურ დონეზე ხდება, არამედ კურატორისა და ხელოვანის კლასიკური ურიერთობისა და როლების გააზრებასაც ახდენს. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ფაზა მოიცავს ხელოვანთა თანამშრომლობას სივრცეში და მათ მიერ დამოუკიდებელი კავშირების დამყარებას სამუზეუმო კონტექსთან, მეორე ეტაპი რეფლექსიის მიმდინარე პროცესში კურატორის ჩართულობას გულისხმობს. პროექტი წამოადგენს კვლევას, რომელიც გამოფენის გახსნის დღიდან მის დახურვამდე ვითარდება.
​მათივე თქმით, ხელოვანებისთვის “ღამის ინტერვენცია” პირდაპირი გამოძახილია აბრეშუმის მუზეუმის არქიტექტურაზე, მის ისტორიასა და დანიშნულებაზე. მუზეუმის Petit Chatelet -ტიპის ბუნებით შთაგონებულმა შექმნეს ობიექტები, რომლებიც ერთი შეხედვით დაშლის ზღვარზე მყოფ ჭაღებს, ძველ სარკეებსა თუ ბუხრის თავებს მოგვაგონებენ. ხელოვანები მათ ჩანაცვლებას წარმოსახვითი დაკარგული ნივთების საშუალებით ცდილობენ. სხვადასხვა ფერის სანთლით დაფარული ტოტებით, სამშენებლო ნანგრევებს მიმსგავსებული პიგმენტირებული თაბაშირის ბლოკებითა და დაფერილი მარლით შექმნილი ნივთები აბრეშუმის წარმოების პროცესის მსგავსად, ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსს – ბუნებრივსა და ადამიანის მიერ შექმნილს შორის მერყეობენ.
“ღამის ინტერვენცია” ხელოვანებისთვის რიგით მეორე ერთობლივი პროექტია, სადაც ისინი საბოლოო ნამუშევრის თანაავტორებად მოიაზრებიან. მათი პირველი ერთობლივი პროექტი 2016 წელს ნიუ იორკში, The Lodge Gallery -ში შედგა.

კომენტარი