ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროცესი ვარკეთილიდან დაიწყება 

ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროცესი ვარკეთილიდან დაიწყება 

2753
გაზიარება

​თბილისში ძველი, საბჭოთა ეპოქაში აშენებული მრავალბინიანი სახლების, ე.წ ხრუშჩოვკების ახალი შენობებით ჩანაცვლების პროექტს თბილისის მერია წლის ბოლომდე წარადგენს. პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილის მესამე მასივში განხორციელდება, სადაც ყველაზე მეტი ავარიული კორპუსია და დროებით საცხოვრებელში გაყვანილ მოსახლეობას ქირას უხდიან.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა სამგორის რაიონში ვარკეთილის მესამე მასივის მრავალბინიანი ავარიული სახლების პროექტზე.
„გვაქვს პროექტი, რომელსაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ინვესტორებთან განვიხილავთ. პროექტი რამდენიმე მხარის შეთანხმებას გულისხმობს. ინვესტორი იღებს მიწას, მიწის ადექვატური ღირებულების შესაბამისად, თბილისის მერია იღებს საბინაო ფონდს და შემდეგ ანაწილებს ამ საბინაო ფონდს იმ ადამიანებზე, ვინც არიან ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში“. – განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.
​მისივე თქმით, სამშენებლო პროექტი უნდა მოექცეს იმ ტერიტორიის გენერალური განაშენიანების გეგმის ფარგლებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქაოსური მშენებლობები.
„აქტიურად ვმართავთ კონსულტაციებს და დაახლოებით წლის ბოლომდე ვგეგმავთ პრეზენტაციის გამართვას, რის შემდეგაც პირველი საპილოტე პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. თუ გაამართლებს პროექტი, თბილისის სხვა უბნებშიც გავიმეორებთ, სადაც, ასევე, აქტუალურია ე.წ. ავარიული ხრუშჩოვკების პრობლემა. ეს იქნება ძალიან კარგი დასაწყისი, თუ ჩვენ აქამდე მივედით და იმედი გვაქვს რომ მივალთ“, – განაცხადა ლექვინაძემ.

კომენტარი