ლილოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია სარეკრეაციო ზონად უნდა გამოცხადდეს – გულიკო ზუმბაძე 

ლილოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია სარეკრეაციო ზონად უნდა გამოცხადდეს – გულიკო ზუმბაძე 

839
გაზიარება

​თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი გულიკო ზუმბაძე მიიჩნევს, რომ დიდი ლილოს ნაგავსაყრელის გარშემო არსებული ტერიტორია სააგარაკო და სარეკრეაციო ზონად უნდა გამოცხადდეს, სადაც ბევრი კერძო დასახლებები იქნება.
​მისივე თქმით, ამ ტერიტორიას რეკრეაციულ ზონად მოიაზრებენ “სითი ინსტიტუტის – საქართველოს” ჯგუფის წევრებიც, რომლებიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობენ. გენგეგმაზე   მუშაობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.
“„სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც დედაქალაქის გენგეგმის განახლებაზე მუშაობენ, იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მას სტატუსი შეეცვალოს და დიდი ლილო, ნასაგური, წინუბანი, იყოს მიმზიდველი და ჯანსაღი დასახლება,“ – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ “კვირას” პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.  14797479_1311620815528567_1676532522_nდეპუტატის თქმით, ნაგავსაყრელ პოლიგონთან სიახლოვის გამო, საჭიროა გამოიკვილონ დიდი ლილოს მაცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ძალიან ხშირია სასწრაფო სამედიცინო  დახმარების გამოძახების შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით გულიკო ზუმბაძე აპირებს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეხვდეს.
„მას შემდეგ რაც ნაგავსაყრელი არსებობს, მოსახლეობა უჩივის ლიმფური ჯირკვლის პრობლემებს, აწუხებთ გულის რევის შეგრძნებები და ხშირად იძახებენ სასწრაფო დახმარებას. ჩვენი ვალია მათ მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოვიჩინოთ და ჩაუტაროთ სპეციალური გამოკვლევა და კონკრეტული პერევენციული ღონისძიებები გავატაროთ,“-აცხადებს ზუმბაძე.
მისივე ინფორმაციით, დიდ ლილოში ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარი გამოიყო, 2017 წლის აპრილში უნდა დამთავრდეს. ერთწლიანი პროექტი სამი ეტაპისგან შედგება. ტექნიკური მიზეზების გამო, პირველი ეტაპი დაგვიანებით დაიწყო.
“ჩვენთვის მთავარია, სამუშაო ხარისხიანად შესრულდეს და შემდგომში არ წარმოიშვას პრობლემები. დიდი ლილოს მოსახლეობას და მეც, როგორც მათ მაჟორიტარ დეპუტატს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, მეტი გარანტია მჭირდება. ქალაქის მერმა პერიოდულად უნდა მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ამის შესახებ. ეს არ არის ერთი ლოკალური დასახლების პრობლემა ეს არის მთელი ქალაქის პრობლემა,” – მიაჩნია დეპუტატს.

კომენტარი