ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებაზე გარემოს დაცვის სამინისტრომაც უნდა იზრუნოს – გულიკო ზუმბაძე...

ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებაზე გარემოს დაცვის სამინისტრომაც უნდა იზრუნოს – გულიკო ზუმბაძე  

676
გაზიარება

​თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი გულიკო ზუმბაძე დიდი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებისა და ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშნებლობის სამუშაოებში გარემოს დაცვის სამინისტროს აქტიურ ჩართვას მოითხოვს, ხოლო დედაქალაქის მერს მოუწოდებს, სამუშაოების ხარისხიანად ჩატარების გარანტია საკუთარ თავზე აიღოს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ საინფორმაციო პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, ქალაქის ნარჩენების პოლიგონის ექსპლუატაციის პროცესში, რომელიც დიდი ლილოს ტერიტორიაზე 2010 წელს გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე განათავსეს, თავიდანვე შეცდომები იყო დაშვებული, რამაც წარმოშვა მძიმე მდგომარეობა, უმძიმესი სუნი დაგროვდა და აწუხებს მოსახლეობას, მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.
​დეპუტატის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა საკრებულოში 2014 წელს დაიწყეს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად, 2016 წლის თებერვალში ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად 11 მილიონი ლარი გამოიყო. ​აღნიშნული თანხის ფარგლებში გამოცხადდა ტენდერი და დაახლოებით 8 მილიონი ლარით გაიმარჯვა კომპანია „დაგმა“.
” ეს არის ერთწლიანი პროექტი, რომელიც მოიცავს პირველი და მეორე უჯრედის გეომემბრანით (ჰიდროიზოლატორი) გადახურვას, ტექნიკურ სამუშაოებს და, ასევე, გაზშემკრების დაყენებას, რომლის ვალდებულება მას ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდა გარემოს დაცვის სამინისტროსგან მითითებული. “თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმებულიც კი იყო”, – აცხადებს გულიკო ზუმბაძე.
მისივე თქმით, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამ თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, მოისმენენ ანგარიშს, თუ როგორ ასრულებს თავის მოვალეობას საზედამხედველო კომპანია და კომპანია „დაგი“ და რამდენად მიზნობრივად იხარჯება 8 მილიონი ლარი, რომელიც გამოყოფილია ქალაქის ბიუჯეტიდან.
„არ უნდა დავუშვათ შეცდომა. იქ არის ურთულესი ტექნიკური სამუშაოები ჩასატარებელი, რომელშიც აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ექსპერტები. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ეს ნაგავსაყრელი მომავალშიც სერიოზულ პრობლემას შექმნის. საუკეთესო შემთხვევაში, ის 40 წლიან კონსერვაციის პერიოდს საჭიროებს, რათა არ იყოს ხიფათის შემცველი. ექსპერტების დასკვნის თანახმად, 40 წელი სჭირდება ამ ნაგავსაყრელის ბოლომდე დაწვასა და გაუვნებელყოფას“, -განაცხადა ზუმბაძემ.
მისივე თქმით, პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებაზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროსთან გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის კონტროლის პროცესს გადის და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მშენებლობას დაიწყებენ. მშენებლობა კი ერთი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.
http://www.city.kvira.ge/2016/02/22/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1/

კომენტარი