საკრებულოში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს 

საკრებულოში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს 

644
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ბაგა-ბაღებში არსებული პირობების გაუმჯობესებისა და სკოლამდელი აღზრდის პროცესის სრულყოფის მიზნით, ყოველდღიური მონიტორინგის განხორციელების იდეას გამოთქვამს.
ეს საკითხი ტალიაშვილმა საკრებულოში დღეს გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე წამოჭრა, სადაც კომისიის წევრებმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის მესამე კვარტალში შესრულებული სამუშაოების და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის თანახმად, 2015 წელს თბილისში მუნიციპალური ბაღებით მოსახლეობის კმაყოფილების მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით გაზრდილია და 82% -ს შეადგენს.
“თუმცა, 2016 წლის 3 კვარტლის განმავლობაში ბაგა-ბაღებში განხორციელებული მთელი რიგი ღონისძიებების და რეფორმების შედეგად, ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ, მეთოდოლოგიურ და სხვა პროექტებს, ეს მაჩვენებელი დღეს კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს“, – განაცხადა ტალიაშვილმა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიშის მოსმენაც მისი მოთხოვნის საფუძველზე გაიმართა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას ინფორმაციით, დედაქალაქში არსებულ 166 საბავშვო ბაგა-ბაღში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის 58 240-ზე მეტი აღსაზრდელია დარეგისტრირებული, ხოლო 2016 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ბაღებში 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.
​მისივე თქმით, 2016 წლის იანვრიდან თბილისის 166 საბავშვო ბაგა-ბაღს ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც. პედაგოგის შტატი დაემატა. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2016 წელს გაიხსნა 7 ახალი ბაგა-ბაღი, დაიწყო 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა, გარემონტდა 8 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადი, 10 საბავშვო ბაღში ეზო დეკორატიულად მოეწყო, ხოლო 16 საბავშვო ბაღის ძველი ღობე ახლით შეიცვალა. 2 ავარიული საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, ხოლო 81-ს – შიდა სარემონტო სამუშაოები. თორდინავას თქმით, დამატებითი ჯგუფების გახსნის მიზნით, 13 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა გაარემონტეს.
“ის საკითხები, რომელებიც ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, 2017 წლის ბიუჯეტში შესაბამისად აისახება”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დღესვე სხდომაზე თემურ თორდინავამ 2017-2018 წლებში დაგეგმილი 13 ახალი ბაღის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მათი მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილები უკვე მოძიებულია და საკითხი პროექტირების ფაზაშია შესული.

კომენტარი