სოფელ წინუბანში შემოდგომით ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება​

სოფელ წინუბანში შემოდგომით ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება​

594
გაზიარება

​თბილისის შემოგარენში, სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში შემოდგომით ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესი, მუშების სახელფასო დავალიანების გამო, გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო.
​როგორც თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ დღეს, საინფორმაციო პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა, მათი ჩარევის შემდეგ მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.
მისივე განმარტებით, სოფელ წინუბანში ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, შეძლებდა თუ არა ის მშენებლობის დასრულებას, რადგან ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთათვის ხელფასების გასტუმრება.
„ამ კომპანიას რამდენიმეთვიანი დავალიანება ჰქონდა მუშების მიმართ. მუშები გაიფიცნენ და არ სრულდებოდა სამუშოები. ჩვენი ჩარევის შემდეგ, არ ვიცი როგორ, მაგრამ კომპანიამ შესძლო ამ თანხების მოზიდვა და სახელფასო დავალიანების გასტუმრება. დღეს სამუშაოები სრულად მიმდინარეობს და ამ შემოდგომაზე წინუბანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

კომენტარი