ახალ ავტობუსებში უფასო WiFi სისტემა იქნება

ახალ ავტობუსებში უფასო WiFi სისტემა იქნება

1231
გაზიარება

თბილისში ახალი ლურჯი ავტობუსები, შესაძლოა, უფასო WiFi სისტემით აღიჭურვოს. ამ სისტემის დამონტაჟების სამუშაოებზე  თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობს.
როგორც „სითი კვირას“  თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, მათ ამ კუთხით სატესტო სამუშაოები უკვე ჩაატარეს და უფასო WiFi სისტემით აღჭურვეს სამი N37 ავტობუსი, რომელიც ვაგზლის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით მოძრაობს. ამ სამ ავტობუსს ერთი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, როგორ იმუშავებდა.
მათივე თქმით, N37 ავტობუსი შეირჩა იმის გამო, რომ სხვა ძველ, ყვითელ ავტობუსებთან შედარებით კარგ მდგომარეობაშია.
“ეს ავტობუსები თავის დროზე საქართველომ თურქეთისგან მიიღო საჩუქრად. რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, ამ სისტემით აღჭურვის შესაძლებლობას არ იძლევა,“ – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით,  ტესტირების პროცესი წარმატებით ჩატარდა. ახლა მუშაობენ იმაზე, რომ თბილისისთვის განკუთვნილ Man-ის ფირმის ახალ, 143 ლურჯ ავტობუსებში, რომლებიც თებერვლამდე, ეტაპობრივად ჩამოვა ქალაქში, უფასო WiFi იყოს. მგზავრებმა თავი იგრძნონ კომფორტულად და მათთვის ეს სერვისი იყოს ხელისაწვდომი გახდეს.
მათივე თქმით, ავტობუსებში WiFi სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელსაც, ყველა სხვა მონაწილისგან განსხვავებით, უკეთესი პირობებით და მაღალი ტექნიკური შესაძლებლობით იქნება გამორჩეული. კონკურსს სატრანსპორტო კომპანია თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოაცხადებს.
შეგახსნებთ, რომ თბილისისთვის განკუთვნილი გერმანული კომპანია Man-ის მიერ აწყობილი 10 ახალი ლურჯი ავტობუსი დედაქალაქის ქუჩებში 6 ოქტომბრიდან გამოჩნდა,14569613_10206955247791298_1774550230_n-e1475738326264რომლებიც N61 მარშრუტზე, კერძოდ, ბაგებიდან, ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირების გავლით, ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეორე ეტაპისთვის შემოყვანილი ლურჯი ავტობუსები N 51 მარშრუტზე, გლდანულადან ბაგების სტუდენტურ ქალაქამდე მარშრუტზე იმოძრავებენ.
ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ავტობუსში შესაძლებელია ჩვილი ბავშვის ეტლის შეტანაც და დაცულია მგზავრთა უსაფრთხოების  ყველა ნორმა. მგზავრობის ბილეთის აღების წესი უცვლელი რჩება.
12 მეტრის სიგრძის ავტობუსები, ძირითადად, თბილისის ფართო ქუჩებისა და გრძელიმარშრუტებისთვის არის განკუთვნილი. ​ქართული მხარის სატენდერო მოთხოვნების თანახმად, ავტობუსები მუშაობენ ბუნებრივ აირზე და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა, ერთი მხრივ, დაიზოგოს საწვავის ხარჯები, ხოლო, მეორე მხრივ, გარემოსთვის გაცილებით უსაფრთხო იყოს.​
კომპანია Man-ის წარმომადგენელთა განმარტებით, CNG -ის საწვავზე მომუშავე ავტობუსების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ დიზელთან  შედარებით, მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა, არ აქვს შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.​

კომენტარი