თბილისში იაპონური ბაღი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

თბილისში იაპონური ბაღი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

2449
გაზიარება

თბილისში იაპონური ბაღი დღეს, საზეიმოდ გაიხსნა და იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონია მოეწყო.
ბაღი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილზე, 250 კვ.მ ფართობზე მოეწყო. ტერიტორიაზე იაპონური ხელოვნების ისეთი თვალსაჩინო ნიმუშებია განთავსებული, როგორიცაა: ტორიის ჭიშკარი (Torii Gate), ალისფერი ჭიშკარი, რომელიც იაპონური სილამაზის ერთ-ერთი სიმბოლოა, ტასოტოს (Tasoutou) სტილის ქვის კოშკი, რომელიც ბედნიერებისა და იღბლის მომტან სკულპტურად ითვლება. ამასთანავე, აღსანიშნავია კასუგას სტილის ქვის ლამპარი (Kasuga Style stone lantern) და ტრადიციული იაპონური ალისფერი ხიდი. ბაღის ერთგვარი სიმბოლოა ფუჯის მთის სკულპტურა და ფუჯისანის ვულკანური მთის ფერდობებიდან სპეციალურად ჩამოტანილი ლავის ნაწილები, რომელიც იაპონური ბაღის უცვლელ ელემენტს წარმოადგენს.
იაპონური ბაღის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი, თბილისის მერის მოადგილეები და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წაწმომადგენლები ესწრებოდნენ.

იაპონური ბაღის გახსნა ხეების დარგვის საერთაშორისო დღეს დაემთხვა და თბილისის მერმა ბაღში სტუმრებთან ერთად ხუთი ძირი, ორი მეტრის სიმაღლის მთის ნეკერჩხალი დარგო.
იაპონურ ბაღში, ასევე, დაირგეს სხვადასხვა სახეობისა და ფორმის მერქნიან მცენარეთა საინტერესო ნიმუშები. მათ შორის, ნეკერჩხლების, ფიჭვების, კვიპაროსების, ნაძვის, როდოდენდრონებისა და იაპონური ალუბლის (საკურას) სხვადასხვა დეკორატიული ბუჩქი, დაიგო მწვანე საფარი. ბაღი გაშენებულია იაპონური ბაღების ყველა პრინციპის დაცვით, მისი პროექტი ეკუთვნის იაპონურ კომპანია “კოსუგის”, რომლის წარმომადგენლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბაღის მოწყობის პროცესს.

როგორც დავით ნარმანიამ, იაპონური ბაღის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, ბაღების მოწყობის იაპონიური ხელოვნება, უძველესი და ღრმა შინაარსის მქონეა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ბოტანიკური ბაღების ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა და უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.
” სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდა, იაპონური ბაღის მოწყობა თბილისშიც. დღეს ჩვენს ქალაქს, კერძოდ ბოტანიკურ ბაღს შეემატა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ღია სივრცე – იაპონური ბაღი. დარწმუნებული ვარ, იგი ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად იქცევა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „იაპონური ბაღის“ მშენებლობა განხორციელდა საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით, JAPAN EXPO’70 FUND-ისა და კომპანია JTI-ის მხარდაჭერით და იგი ეძღვნება საქართველოსა და იაპონიის მეგობრობას.

კომენტარი