ვაკის პარკში რამდენიმე დღეა, ლენტებია გაბმული (ფოტოკოლაჟი)

ვაკის პარკში რამდენიმე დღეა, ლენტებია გაბმული (ფოტოკოლაჟი)

614
გაზიარება

თბილისის ვაკის პარკში უკვე რამდენიმე დღეა, გაბმულია ლენტები. 14-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, დედაქალაქის ამ ტერიტორიაზე რამდენიმე სპორტული ღონისძიება გაიმართა. მოქალაქეები ინტერესდებიან, რომელი ღონისძიების ორგანიზატორებმა დატოვეს პარკი უწესრიგო მდგომარეობაში.
“ეს ჩვენი ქალაქია და თითოეული ჩვენგანის ვალია ვიზრუნოთ მასზე. რამდენი ღონისძიებაც გაიმართება, ყველგან რომ დატოვონ ასეთ მდგომარეობაში ლენტები, ხომ წარმოგიდგენიათ დედაქალაქი რას დაემსგავსება”, – აცხადებენ მოქალაქეები.
​როგორც “სითი კვირა” შპს “თბილერვის ჯგუფს” განუმარტეს, ქალაქში გამართული ღონისძიების ორგანიზატორებმა თავად უნდა იზრუნონ სისუფთავეზე ან დასუფთავების სამსახურს მიაწოდონ ინფორმაცია.
მათივე თქმით, ამა თუ იმ ღონისძიების გამართვამდე “თბილსერვისში” შედის განცხადება და მათი წარმომადგენლები ზრუნავენ ღონისძიების განმავლობაში ტერიტორიის დასუფთავებაზეც და დგამენ ნაგვის ურნებს.
“ვაკის პარკში ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი მუდმივად ზრუნავს დასუფთავებაზე. ლენტები ჩვენმა წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს, მაგრამ იქვე მყოფმა სპორტსმენებმა, რომლებიც ვარჯიშობდნენ, სთხოვეს, რომ ღონისძიების გამართვას გეგმავდნენ და ლენტები არ მოეხსნათ”, – აცხადებენ “თბილისერვისში“.
​მათივე ინფორმაციით, ეს ლენტები არის კომპანიის საკუთრება, ამიტომ სანამ ამავე კომპანიისგან ნებართვას არ აიღებს,  „თბილსერვისს“ მისი მოხსნის უფლება არ აქვს.
“სითი კვირა” ლენტების მფლობელს და ღონისძიების ორგანიზატორს ბექა კიკნაველიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ვაკის პარკში მათ აქვთ დაგეგმილი ველოგარბენი. ღონისძიება რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობამ შეუშალათ ხელი.
„ჩვენ ყველგან ვზრუნავთ გარემოს დასუფთავებაზე. იმის თქმა, რომ ღონისძიების შემდეგ ლენტები შეგნებულად დავტოვეთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ ღონისძიებას ვგეგმავთ”, – აცხადებს კიკნაველიძე.

კომენტარი