თბილისის მაცხოვრებელთა უმეტესობა ხეების მოჭრას მოითხოვს – ნინო სულხანიშვილი

თბილისის მაცხოვრებელთა უმეტესობა ხეების მოჭრას მოითხოვს – ნინო სულხანიშვილი

955
გაზიარება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი აცხადებს, რომ გამწვანების სამსახურში შესული მოქალაქეთა განცხადებების უმეტესობა, ხის მოჭრის მოთხოვნას შეიცავს, ვიდრე მწვანე საფარის აღდგენას, ან ტერიტორიის ხე-მცენარეებით განაშენიანებას.
​როგორც “სითი კვირას” ნინო სულხანიშვილმა განუმარტა, მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურში ერთ დღეში საშუალოდ 40 წერილი შედის, რომელთაგან 80%-ზე მეტის ავტორი, ხის მოჭრას მოითხოვს. მოქალაქეთა ნაწილს ტერიტორია კომერციული მიზნებისთვის სჭირდება, ან ავტოფარეხთან ხე  იმის გამო უშლით ხელს, რომ ფოთლები და წიწვები ცვივა, ან ხე საცხოვრებელი სახლის ფანჯარასთან არის ახლოს.
“ჩემდა გასაკვირად, ყველაზე მეტი მომართვა ხეების მოჭრას შეეხება. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე გადიან, ათვალიერებენ ხეს, ადგენენ აქტს და გვაწვდიან დასკვნას, რომ ხე აბსოლუტურად საღია, მაგრამ მოსახლეობა მაინც ითხოვს მის მოჭრას,“- აცხადებს სულხანიშვილი.
​მისივე თქმით, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს, თუმცა მცირე რაოდენობით, მაგრამ ასევე მიმართავენ ხეების დარგვის თხოვნით, მსგავსი შინაარსის წერილებს სეზონურად რგვების პერიოდში აკმაყოფილებენ. ამ დროს მოქალაქეებიც ერთვებიან გამწვანების აქციებში.
“ძალიან კარგია, თუ ასეთ აქციებში ბავშვებიც ჩაერთვებიან, რადგან შემდეგში ხის მოჭრის სურვილი არ   გაუჩნდეთ, “- მიაჩნია ნინო სულხანიშვილს.
​მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ხე ნამდვილად აზიანებს სახლის საძირკველს ან ქარქცევადია.  ასეთ შემთხვევაში გაიცემა მოჭრის, ან ღრმა ფორმირების ნებართვა.

კომენტარი