როგორ გაჩნდა თბილისში “ფიქრის გორა”

როგორ გაჩნდა თბილისში “ფიქრის გორა”

42371
გაზიარება

​​ახალი თაობის წარმომადგენლებმა, ალბათ, არ იციან. ძველი თაობის ხალხს ახსოვს, საიდან წამოვიდა ერთი მშვენიერი ადგილის სახელწოდება – “ფიქრის გორა”, რომელიც თანდათან დავიწყებას ეძლევა, რადგან მთლიანად დაკარგა მან თავისი პირვანდელი, ჯერ ფუნქცია და შემდეგ სახე. ვინც იცის, შევახსენებ, ხოლო ვინც არა, წაიკითხავს და გაიგებს.
“ფიქრის გორა” მდებარეობს გმირთა მოედნის მიმდებარედ. მწვანეთი დაფარული ფერდობის თავზე, სადაც ახლა სასახლეა წამოჭიმული, ხოლო მის ძირში სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სამარადისო ხსოვნის ობელისკია აღმართული.
ძველ დროში, როცა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ტექნიკური პროგრესი და ურმების ხანა იდგა საქართველოში, ქალაქი “ტფილისი” რუსთაველის მოედნამდე არ იყო მისული, რუსთაველი შენდებოდა და მას “გოლოვინსკი” ერქვა, ქალაქის გარეუბანს, დღევანდელ ვერას, აგურის უბანს ეძახდნენ, რადგან ამ ადგილებში უხვად იყო აგურის სამშენებლო მასალა წითელი თიხა-მიწა, გაზეთ “კომუნისტის” ყოფილი რედაქციის მიმდებარე ტერიტორია. მის იქით დასახლება არ იყო.
​დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქისკენ მომავალ მგზავრს დღევანდელ გმირთა მოედანზე უნდა გამოევლო და ქალაქში ვერის აღმართის გავლით შემოსულიყო. ქალაქის მოსახლეობა, ვინც ელოდებოდა თავისიანის მოსვლას, რადგანაც ზუსტ დროს ვერ ადგენდა, მიდიოდა ამ გორაზე, ჩამოჯდებოდნენ და გაჰყურებდნენ გზას, რომელიც ამ მაღლობიდან ხელისგულივით მოჩანდა, ისხდნენ, იცდიდნენ, ზოგჯერ რამდენიმე დღის, ზოგჯერ მთელი კვირის და, ალბათ, თვის განმავლობაში. მგზავრი თუ შორი გზიდან მოდიოდა, მისიანები მის მოლოდინში ფიქრებსა და ოცნებებში იძირებოდნენ. სწორედ ამიტომ შეარქვეს ამ ადგილს “ფიქრის გორა”.
კარგი იქნება, რომ არ დაიკარგოს ადგილმდებარეობის ასეთი ლამაზი და რომანტიკული სახელი, ქალაქის მერიამ ამ გორაზე თვალსაჩინო ადგილას, ლამაზად გაფორმებული აბრა დადგას წარწერით -“ფიქრის გორა”, ვფიქრობ მემორიალსაც მოუხდება!!!
ავტორი: ზურაბ კუხალაშვილი
p1030564

ვარაზისხევი
ვარაზისხევი

კომენტარი