თბილისში 35 საზოგადოებრივი საპირფარეშო განთავსდება 

თბილისში 35 საზოგადოებრივი საპირფარეშო განთავსდება 

6847
გაზიარება

​თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების განთავსება 2017 წლიდან, ძირითადად, ქალაქის ტურისტულად აქტიურ ნაწილში იგეგმება, მათ შორისб საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებებზეც. პირველ ეტაპზე 35 ერთეული საზოგადოებრივი ტუალეტის განთავსება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია კონკურსს უახლოეს ხანებში გამოაცხადებს.
​როგორც “სითი კვირას” თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა და ტურისტული ნაკადი იზრდება, ამიტომ საზოგადოებრივი საპირფარეშოების საჭიროება რეალურად არსებობს.
მისივე თქმით, მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს გარკვეული ლოკაციების შექმნას, სადაც კერძო სექტორის დაინტერესებით შესაძლებელია ასეთი ობიექტების მოწყობა.
“ამ საკითხზე კონკურსს ახლო მომავალში გამოვაცხადებთ, რომელშიც მონაწილეობას კერძო სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ. საპირფარეშოების განთავსების საკითხზე, ასევე, კოორდინაცია გვექნება ტურიზმის დეპარტამენტთან. თბილისის გარეთ საპირფარეშოების განთავსებაზე ტურიზმის დეპარტამენტი იზრუნებს”, – განმარტავს ლექვინაძე.
მისივე თქმით, დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების განთავსებით კერძო სექტორის დასაინტერესებლად, კონკურსის პირობებში ჩადებულია ისეთი კომერციული ელემენტები, რომელიც კერძო სექტორისთვის საინტერესო იქნება. ეს შეიძლება იყოს სარეკლამო სივრცის გამოყოფა, ბანკომატის განთავსება ან კომერციულად ხელსაყრელი სხვა შეთავაზება.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, საზოგადოებრივი ტუალეტების მომსახურება ფასიანი იქნება, რადგან სველ წერტილებს სჭირდება მოვლა-პატრონობა და მუდმივად სისუფთავის დაცვა, შესაბამისად, ასეთ ობიექტებს საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეს.
საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობაზე კონკურსი, შესაძლოა, წლის ბოლომდე ჩატარდეს.

კომენტარი