გავხსნათ მდინარეები და შევქმნათ ლანდშაფტური სივრცეები – მერაბ ბოლქვაძე​

გავხსნათ მდინარეები და შევქმნათ ლანდშაფტური სივრცეები – მერაბ ბოლქვაძე​

4127
გაზიარება

​დედაქალაქში მწვანე არეალების სიმცირის პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, მერიას გენგეგმის ფარგლებში, რამდენიმე ადგილს სთავაზობს. საუბარია, დიღმის ჭალებზე და სხვადასხვა არეალებზე ორთაჭალაში, თემქაზე, დიდ დიღომში და ა.შ.
​როგორც არქიტექტორმა, გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ გადაცემა „ყურადღების ცენტრში“ სტუმრობისას განაცხდა, მნიშვნელოვანია თბილისში გამოთავისუფლდეს მდინარეები, რადგან დედაქალაქში არ განმეორდეს, ერთი წლის წინათ ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების მსგავსი ტრაგედია.
„ბოლო წლების განმავლობაში ქალაქმა ფაქტობრივად გადახურა მდინარეები. ბოლო 20-25 წელია ვიმკით ამ შედეგებს. რამდენი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა მდინარის ბუნებრივ სივრცეში არასწორად შეჭრას. ამიტომ კიდევ რომ არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია, იქ სადაც შესაძლებელია უნდა გავხსნათ მდინარეები და შექმნათ ლანდშაფტური სივრცეები,“- მიაჩნია მერაბ ბოლქვაძეს.
​მისივე თქმით, ​თბილისი ერთ-ერთი ცუდად გამწვანებული ქალაქია. ამ თვალსაზრისით გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიას სთავაზობს მწვანე არეალების განვითარებას, მათ შორის რამდენიმე საქალაქო და საუბნო პარკის მოწყობას და საცხოვრისთან ახლოს ლანდშაფტური სივრცეების შექმნას, რაც ბოლქვაძის განმარტებით, ქალაქის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.
“გარემოს დაცვა ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია თბილისის რეალობაში. ლანდშაფტი არის თბილისის იდენტობა და განსაკუთრებულობა. ლანდშაფტის შემდეგ უმნიშვნელოვანესი პრობლემაა მწვანე არეალების ნაკლებობა. ცნობილია, რომ სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს, ამიტომ გენერალურმა გეგმამ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი მწვანე სივრცეების განვითარებას,”- აცხადებს მერაბ ბოლქვაძე.
​მისივე თქმით, გენგეგმის საპროექტო ჯგუფის წევრებმა დეტალურად შეადგინეს მწვანე არეალების რუქა, რაც არის იმის წინა პირობა, რომ კონცეფციის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, ასეთ ტერიტორიებს კანონი დაიცავს.

კომენტარი