ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, სატრანსპორტო ნაკადი მიმართულებას შეიცვლის

ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, სატრანსპორტო ნაკადი მიმართულებას შეიცვლის

6133
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით საავტომობილო გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაიკეტება და მოძრაობა დროებით გლდანი-კონიაკის დასახლების მიმართულებით გადაერთვება.
​როგორც “სითი კვირას” მერიაში განუმარტეს, ამ დროისთვის დასრულებულია ხიდის ბურჯების მოწყობა. მიმდინარეობს მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა – 300 ტონიანი ამწე აზერბაიჯანიდან შემოიყვანა. შემდეგ ეტაპზე დაიგება რკინა-ბეტონის ფილები და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი.
მათივე ინფორმაციით, ზაჰესის ხიდზე ხვალ მალის დამონტაჟება  დაიწყება, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ, კერძოდ, აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების (გლდანის ხიდების) მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხვდება.
ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს ადგილზე გაეცნო.
მისი შეფასებით, ამ ეტაპისთვის ხიდზე ყველაზე რთული სამუშაოები მიმდინარეობს.
„ხიდზე მიმდინარე საკმაოდ რთული სამუშაოების გამო, ხვალ შუადღემდე დღის ერთ მონაკვეთში თბილისიდან გამავალ მანქანებზე მცირედი შეზღუდვა დაწესდება. ამის შესახებ მძღოლებს, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, წინასწარ ეცნობებათ. მოძრაობა დროებით გლდანი-კონიაკის დასახლების მიმართულებით გადაერთვება, თუმცა, ეს იქნება ძალიან მცირე შეფერხება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგება“. – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Untitled_Panorama1 copy

კომენტარი