თბილისის ათეშგას ისტორიული არეალის დასაცავად Icomos Georgia პეტიციას აქვეყნებს

თბილისის ათეშგას ისტორიული არეალის დასაცავად Icomos Georgia პეტიციას აქვეყნებს

649
გაზიარება

​თბილისის ერთ-ერთი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის – თბილისის ათეშგას ისტორიული გარემოს დასაცავად, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) საქართველოს ეროვნული კომიტეტი Icomos Georgia ინტერნეტსივრცეში აქვეყნებს პეტიციას, სადაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, თბილისის მერ დავით ნარმანიას და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძეს მოუწოდებს, არ დაუშვან თბილისის ათეშგას ვიზუალური გარემოს შემდგომი ხელყოფა, რასაც გამოიწვევს გომის ქუჩის №1-ის ზედა ნიშნულის აწევა.
როგორც Icomos Georgia-ს მიერ გავრცელებულ პეტიციაშია ნათქვამი, თბილისის ათეშგას საკითხზე მსჯელობა ექსპერტთა ფართო წრეში უნდა წარიმართოს და დეტალურად უნდა განიხილონ არეალის სივრცითი მოწყობის საკითხები. ასევე, დაიწყოს მუშაობა თბილისის ათეშგას ოფიციალური მოვლა-პატრონობის, დაცვის, მონიტორინგის ადმინისტრაციულ უზრუნველყოფაზე, განისაზღვროს ძეგლის მართვაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ერთეული.
ამასთანავე, Icomos Georgia მოითხოვს, თბილისის ათეშგას მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ოფიციალურად დადგინდეს მისი დაცვისთვის საჭირო პარამეტრები.
​როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2016 წლის 27 ოქტომბერს თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა მისცა გომის ქუჩის №1-ში სამსართულიანი ნაგებობის ცვლილების ესკიზურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს იქ არსებული ნაგებობის ზედა ნიშნულის აწევას ტერასაზე კაფეტერიის, ლიფტის, სან-კვანძისა და სამზარეულოს დაშენების მიზნით.
​აღსანიშნავია, რომ ობიექტი მდებარეობს თბილისის არქეოლოგიური ძეგლის, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრის – ათეშგას პირდაპირ, რომლის ბაქნიდან ხედი იშლება ქალაქზე, კერძოდ, კალაზე.
“გომის ქუჩის №1-ში 2007 წელს აგებული შენობის ზედა ნიშნული უკვე სცდება აქ ადრე არსებული შენობის სახურავის ნიშნულს და იჭრება ათეშგას ბაქნიდან ისტორიულ კალაზე არსებულ ვიზუალურ დერეფანში. შესაბამისად, ახლა შენობის ზედა ნიშნულის მცირედით აწევაც კი კიდევ უფრო შელახავს ამ უნიკალური ძეგლის ისტორიული გარემოს კონტექსტს და თვით ბეთლემის “კომპლექსის“ სივრცით ჰარმონიულობას“, – აცხადებენ Icomos Georgia -ში.
https://manifest.ge/main/item/1095

კომენტარი