ელიავას ბაზრობის ნაცვლად რეკრეაციული ზონა – მოსახლეობას ეკოლოგიური პრობლემები აწუხებს  

ელიავას ბაზრობის ნაცვლად რეკრეაციული ზონა – მოსახლეობას ეკოლოგიური პრობლემები აწუხებს  

5415
გაზიარება

თბილისის ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, აგლაძის ქუჩის მოსახლეობა ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანას და მის ადგილას რეკრეაციული ზონის მოწყობას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ცხოვრება უკვე გაუსაძლისია, ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია მათ ჯანმრთელობაზე და უმეტესობას სხვადასხვა დაავადებები აწუხებთ.
​როგორც ​„სითი კვირას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მათ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის ჯგუფის წევრებმა გენგეგმა გააცნეს და მოლოდინი აქვთ, რომ მათ პრობლემას ახლა გენგეგმა გადაჭრის.
​თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიმდებარედ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრალური პარკის მოწყობის შესაძლებლობას განიხილავს, ამ თვალსაზრისით ხელსაყრელია ტერიტორიის მდინარესთან სიახლოვე. როგორც არქიტექტორმა, გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, გენგეგმის ჯგუფის წევრები უცხოელ პარტნიორებთან ერთად მსჯელობდნენ ამ საკითხზე და საბოლოო დასკვნის თანახმად, ტერიტორია პერსპექტივაში უნდა გახდეს რეკრეაციული სივრცე. 1435903383_eliavas_bazroba_20491„სითი კვირა“ აგლაძის ქუჩის #34 საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლებს ესაუბრა:
ნანული ავალიშვილი: ელიავას ბაზრობა გვახრჩობს, ალერგია, ბრონქები და სიმსივნური დაავადებები აწუხებს უმრავლესობას. საერთოდ არ შეიძლება სუნთქვა. აქ 1985 წლიდან ვცხოვრობ. გამოფენის ქვედა მხარეს, მთლიანად მოსაშორებელია ბაზრობა, მაგრამ ჩვენი საშველი არ არის. ყოველ წელს გვპირდებიან. ახლაც, დიდუბის რაიონის გამგეობა გვპირდება, გვერდით დაგიდგებითო, მაგრამ მარტო გამგეობის გადასაწყვეტი არ არის, კერძო სტრუქტურებია ჩართული. გამოფენის ინტერესებიც არის ეტყობა. ეს ტერიტორია არის მთლიანად უნდა გასუფთავდეს და გაკეთდეს სკვერი, რაღაც ისეთი, რომელიც ჩვენთვისაც სასიამოვნო იქნება. ფანჯარას, რომ გავაღებ ყველაფერი მტვრით ივსება. ტერიტორიაზე დიდი ზომის ავტომანქანები მოძრაობენ, რაც შემაწუხებელია. maxresdefault
მზია ჩანადირი: ელიავას ბაზრობის გამო ამ ტერიტორიაზე საშინელება ხდება. ხმაურია. ბრონქები გვაქვს ყველას დაავადებული, ბავშვებს კი ასთმა აწუხებთ. ბევრჯერ მოვითხოვეთ აქ ბაზრობის გაუქმება. ქუჩაც გადავკეტეთ და აქციაც გავმართეთ, მაგრამ ამას რაეგირება არ მოჰყოლია. შესაბამისი დასკვნაც გვაქვს, რომ ამ ტერიტორიაზე ჰაერი დაბინძურებულია. საკრებულოშიც ვიყავით. როგორც ჩანს უფრო ზემდგომი ორგანოები წყვეტენ ამ საკითხს. მანამდე ამბობდნენ, რომ აქ პარკი უნდა ყოფილიყო, რომ “ექსპო ჯორჯია” უნდა გადმოსულიყო. ათასი რამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზრობა უნდა იყოს ქალაქგარეთ და არა შუა ქალაქში. ზაფხულში საშინელი ვითარებაა, მტვრისგან ვიხრჩობით.
​ლალი ბირკაძე: ელიავას ბაზრობის გამო გვაწუხებს მტვერი, ხმაური, ავტომობილების ხმა და გამონაბოლქვი. მოვითხოვთ, რომ გადაიტანონ ბაზრობა. არაფრით შეიძლება საცხოვრებელ კორპუსებთან არსებობდეს ეს საშინელება. ყველას უკვირს, როგორ ვუძლებთ მაცხოვრებლები ამ ყველაფერს. განსაკუთრებით ზაფხულში არის საშინელება. ფანჯრებს ვერ ვაღებთ ისეთი მტვერი შემოდის სახლში. ვერ წარმოიდგენთ ისეთი მდგომარეობაა ამ ქუჩაზე. არაერთხელ დავაყენეთ ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხი, ამაზე ვიბრძვით წლების განმავლობაში326061315. იქნებ, როგორმე გადაიტანონ და მოვაშოროთ ამ დასახლებას. ეს ბაზრობა უნდა გადავიდეს ქალაქგარეთ, იქ სადაც უმრავი ასათვისებელი ადგილია. ბაზრობის ადგილას უნდა გაკეთდეს გამწვანება, რეკრეაციული ზონა. აქ გამწვანებული ტერიტორია უნდა იყოს. ჩვენც ადამიანები ვართ, მოვითხოვთ ელემენტარულს, მოგვცენ ამ ადგილას არსებობის და ცხოვრების უფლება. აქ ჯერ ჩვენ ვცხოვრობდით და მერე გააკეთეს ეს ბაზრობა და არა პირიქით.
ეკატერინე ჯგუშია: დარღვეულია გარემოს დაცვის ნორმები. მოსახლეობასთან ახლოს არ უნდა იყოს ასეთი ბაზრობა, რომელიც ფუნქციონირებს უკვე 10 წელზე მეტია, გამოიყოფა მავნე ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. საცხოვრებელი გარემოს ნორმები საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ეს მუხლიც დარღვეულია. 2010 წელს ჩვენ ავიღეთ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან დასკვნა, ჩატარდა ექსპერტიზა, რომ მართლაც არის ჰაერში მავნე ნივთიერების კონცენტრაცია, რომელიც აღემატება ნორმას და ყოვლად დაუშვებელია. ეს დასკვნა ხელთ მაქვს. რა თქმა უნდა მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ვინც ამ ბაზრობაზე მუშაობს და არ გვსურს ულუკმა-პუროდ დარჩნენ. საუბარია იმაზე, რომ მათ ალტერნატიული ფართი გამოუყონ, სადაც უფრო მეტი კომფორტი იქნება და არ იქნება ღია ბაზრობა. 24186098ამაზე თბილისის განახლებულ გენგეგმაშიც არის საუბარი. ჩვენ ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ალტერნატიული ფართის გამოყოფას. ბაზრობის ტერიტორია კი იქნება რეკრეაციული ზონა. რომელ ქალაქში გინახავთ გაჯი, ცემენტი, ხრეში, ტოქსიკური ნივთიერებები მოსახლეობასთან ახლოს იფრქვეოდეს? სახლის რემონტები არის ფუფუნება, თუ გაქვს საშუალება ქალაქგარეთაც წახვალ და იყიდი სამშენებლო მასალას. ავტომობილების ბუმი ცალკე საკითხია, რადგან ბაზრობაა ავტომანქანების რაოდენობა ემატება, ტრაილერები შემოდის ესეც კორპუსებს ანგრევს, რაც ყოვლად დაუშვებელია. განიტვირთოს ქალაქი ასეთი უსახური ბაზრობებისგან. როცა სახლის წინ ყიდიან გაჯს, ცემენტს და რკინის საამქროებიდან იფრქვევა საშინელი ნივთიერებები. აქციებიც გავმართეთ, ქუჩაც გადავკეტეთ ამის გამო, მაგრამ არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა ჩვენს სასარგებლოდ, ახლა გენგეგმის იმედი გვაქვს. შარშან თბილისის მერ დავით ნარმანიას შევხვდი და ამ პრობლემაზე ვესაუბრე, მაგრამ საიმედო არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ ზედამხედველობის სამსახური მოვიდა, გადაუღეს ფოტოები და წავიდნენ.

ავტორი: თამარ შელია

კომენტარი