ქართული ხელნაწერთა აღწერილობები  – ეროვნული არქივის ახალი გამოცემა

ქართული ხელნაწერთა აღწერილობები  – ეროვნული არქივის ახალი გამოცემა

744
გაზიარება

ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გამოსცა წიგნი, რომელშიც შესულია ეროვნულ არქივში დაცული 100 ხელნაწერის სამეცნიერო აღწერილობა და შედგენილია ახალი სტანდარტებით.
ხელნაწერთა შორისაა IX-XIX საუკუნეების სასულიერო და საერო ხასიათის ცალკეული თხზულებები და კრებულები, ქართული ორიგინალური და ნათარგმნი კრებულები, რომლებიც ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრული დამწერლობით არის შესრულებული.
​როგორც “სითი კვირას” ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თეა ქიმერიძემ განუცხადა, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელთა აღწერილობები ბოლოს 1950 წელს გამოიცა.
მისივე ინფორმაციით, ხელნაწერთა ახალი სტანდარტებით აღწერის პროექტი 2014 წელს დაიწყო. ამ პროცესში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გამოვლინდა, მათ შორის, პალიმფსესტური ფურცლები, ახალი ანდერძ-მინაწერები, სამეცნიერო წრეებისთვის კარგად ცნობილი ტექსტების შემცველი ახალი ხელნაწერები და სხვა. ორმოცამდე ხელნაწერი ხელახლა დაინომრეს და აკინძეს, ნაწილი ხელახლა დაათარიღეს და სათაურები დააზუსტეს. ცალ-ცალკეა აღწერილი ერთ ხელნაწერში გაერთიანებული სხვადასხვა ნუსხის ფრაგმენტი.
​წიგნის წარდგინება ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში 23 დეკემბერს გაიმართა.
თეა ქიმერიძის ინფორმაციით, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ხელნაწერთა აღწერილობების მეორე ტომზე, რომელიც შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ და მანანა ჭუმბურიძემ.

კომენტარი