60-მდე ქართული დიაფილმის ორიგინალი ნახატი ერთ სივრცეში გამოიფინება

60-მდე ქართული დიაფილმის ორიგინალი ნახატი ერთ სივრცეში გამოიფინება

904
გაზიარება

ქართული დიაფილმების შექმნისა და განვითარების ისტორიის ამსახველ გამოფენას – „ქართული დიაფილმი“ ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა 29 დეკემბრიდან უმასპინძლებს.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს 60-მდე ქართული დიაფილმის ორიგინალი ნახატი და ელექტრონული ვერსია, შემოქმედებითი ჯგუფისა და დიაფილმების დამზადების პროცესის ამსახველი ფოტოები და კინომასალა, ასევე, ტექნიკური საშუალებები, რითაც იქმნებოდა დიაფილმები.
როგორც “სითი კვირას” იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში განუცხადეს, არქივი კინოფოტოფონოდოკუმენტების ქართული დიაფილმების მოძიებაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობს. შედეგად, შეიქმნა ქართული დიაფილმების კოლექცია, სადაც 130 დასახელების ფილმს მოუყარეს თავი.
​მათივე ინფორმაციით, 2016 წელს ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერებისაგან შეიძინა დიაფილმების ორიგინალი ნახატები – 26 დასახელების დიაფილმის 1 150 ორიგინალი ნახატი.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივი წარმოადგენს დიაფილმების ორიგინალი ნახატებიდან შექმნილ 2017 წლის კალენდარს.​
​დიაფილმი პოზიტიურ ფირზე გადატანილი ნახატები და ტექსტია, რომლის საჩვენებლად სპეციალური აპარატი გამოიყენება. ქართული დიაფილმების ისტორია 1950-იან წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანების სტუდიაში დაიწყო. სხვადასხვა ქართული თუ უცხოური ზღაპრის, თქმულებისა და მოთხრობის დიაფილმის შესაქმნელად არაერთი მხატვარი და სცენარისტი მუშაობდა. დიაფილმები საქართველოში პოპულარობით 1950-1980-იან წლებში სარგებლობდა.

კომენტარი