გენგეგმის ჯგუფი თბილისის საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების სქემაზე მუშაობს 

გენგეგმის ჯგუფი თბილისის საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების სქემაზე მუშაობს 

2311
გაზიარება

თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო სამუშაოები დასკვნით ფაზაში გადავიდა. გენგეგმის ჯგუფმა, ქალაქ თბილისის მერიას მიწათსარგებლობის ახალი კონცეფცია შესთავაზა, რომლის ერთ-ერთ მთავარ საბაზისო მიმართულებას თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის კონცეფტუალური გადაწყვეტა წარმოადგენს. მათი მთავარი პრინციპია – ქალაქი მოქალაქეებისთვის.
გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის სპეციალისტები ამუშავებენ საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების სქემას, რომელიც ითვალისწინებს მტკვრის ორივე სანაპიროსა და ქალაქის ცენტრის დაკავშირებას, გამწვანებული სივრცეების გაერთიანებას, არსებული საფეხმავლო ბილიკების გაუმჯობესებასა და მოუწესრიგებელი სივრცეების კეთილმოწყობას.
როგორც „სითი კვირას“ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, ურბანისტმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, ქალაქის სატრანსპორტო სისტემისთვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს საფეხმავლო და საველოსიპედო ქსელი. ქვეითთა ბილიკები ქალაქში ამცირებენ ავტომობილის მოკლე მანძილებზე გამოყენების საჭიროებას და აკავშირებენ მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან.
„ჩვენი გუნდის წევრები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ქალაქში უნდა განვითარდეს ისეთი ქსელი, რომელიც პირველ ეტაპზე, რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დააკავშირებს, როგორიცაა გამწვანებული სივრცეები, უნივერსიტეტები და სარეკრეაციო არეალები. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქალაქს არ აქვს პირობა, რომ თავისუფლად დააკავშიროს სხვადასხვა ობიექტები, აუცილებელია რამდენიმე საკვანძო არეალის კეთილმოწყობა და გადაკეთება ქსელის ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად”,- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
მისივე ინფორმაციით, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის სპეციალისტები ამუშავებენ საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების სქემას, რომელიც ითვალისწინებს მტკვრის ორივე სანაპიროსა და ქალაქის ცენტრის დაკავშირებას, გამწვანებული სივრცეების გაერთიანებას, არსებული საფეხმავლო ბილიკების გაუმჯობესებასა და მოუწესრიგებელი სივრცეების კეთილმოწყობას.
fotoსქემაზე აღნიშნული არეალი წარმოადგენს თბილისის ცენტრალურ ნაწილს. მარცხენა სანაპიროზე აღნიშნულია მტკვრის სანაპირო მეტეხიდან ე.წ. “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიამდე, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე – ორთაჭალიდან უნივერსიტეტის მეთერთმეტე კორპუსამდე. ასევე, სქემაში აღნიშნულია კავშირები ამ ორ სანაპიროს შორის.
„ჩვენს მიერ სქემის შედგენის ძირითადი მიზანია, ქალაქში შეიქმნას საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა თუ ტურისტები, შეძლებენ გადაადგილებას ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მათთვის გამოყოფილი ბილიკებით, სადაც მათი მოძრაობა იქნება მაქსიმალურად შეუზღუდავი. ქსელის შექმნასთან ერთად იგულისხმება, რამდენიმე მოუწესრიგებელი არეალის კეთილმოწყობა და ბილიკების გამწვანება, რაც ავტომატურად შექმნის მწვანე კავშირს ქალაქში არსებულ პარკებს შორის. ასევე, ქსელი ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით გათვალისწინებული მდინარის სანაპიროს ათვისებას“ – განუცხადა “სითი კვირას“ ქალაქმგეგმარებელმა სოფო ბეგაშვილმა.
გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრთა განმარტებით, აღნიშნული სქემის მიზანია, თბილისში არსებული ქუჩები ქვეითებზე გაცილებით მორგებული იყოს, რაც შესაძლებლობას მისცემს ხალხს იცხოვრონ ფიზიკურად აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებით.
მათივე თქმით, ყოველივე ხელს შეუწყობს მოსახლეობაში გაიზარდოს ქალაქის მიმართ  კუთვნილების გრძნობა და გაუმჯობესდეს საცხოვრებელი გარემოს ხარისხი,  რაც დადებითად აისახება ქალაქის ცხოვრების დონეზე.

კომენტარი