პირველი ველობილიკები თბილისში მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე განთავსდება

პირველი ველობილიკები თბილისში მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე განთავსდება

9619
გაზიარება

თბილისში პირველი ველობილიკი სავარაუდოდ, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე არსებულ ტროტუარზე განთავსდება და მოიცავს მარშრუტს დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე და წრიული მიმართულებით უკან.
​ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი ტრანსპორტის განვითარების მიზნით, თბილისში პირველ ეტაპზე 20-ზე მეტი ველოსადგომის მოწყობაც იგეგმება. პირველი საცდელი ველოსადგომი ​თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან, მიცკევიჩის ქუჩა #29-ში უკვე განთავსდა, რომელიც 8 ველოსიპედს იტევს.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მირიან ლებანიძემ განუცხადა, ველოსადგომებისა და ველობილიკის მოწყობის იდეა მოქალაქეების მხრიდან ხშირი მიმართვიანობის საფუძველზე გაჩნდა.
​მისი თქმით, თბილისს ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების გამოყენების დიდი ტრადიცია არ აქვს, შესაბამისად ამისთვის არც დედაქალაქის ქუჩებია მოწყობილი. ასეთი საგზაო-ინფრასტრუქტურული ცვლილება კი სერიოზულ ანალიზს და ხარჯებს საჭიროებს, რადგან გათვალისწინებული უნდა იყოს მოძრაობის სამივე მონაწილის – ქვეითის, ველოსიპედისტის და მძღოლის ინტერესები. თითოეული მათგანი გადაადგილებისას თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს.
“ახლა იკიდებს ფეხს ველოსიპედი, როგორც სატრანსპორტო საშუალება ქალაქში. ბოლო ხანებში უფრო ხშირად მოძრაობენ დედაქალაქის ქუჩებში ველოსიპედით ადამიანები და არა მხოლოდ გასართობად. პირველი სატესტოდ ველოსადგომი მიცკევიჩის ქუჩაზე განთავსდა იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე არის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, საბურთალოს გამგეობისა და სამხედრო განყოფილების ოფისები, სადაც მოქალაქეები ხშირად მიდიან და ბევრი მათგანი შესაძლოა ველოსიპედითაც მივიდეს. დავაკვირდებით, რამდენად გამოიყენებენ თბილისელები მას”,- აცხადებს მირიან ლებანიძე.
მისივე თქმით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინტერესში შედის კარგად შეისწავლონ ის მარშრუტები, რომლითაც ყველაზე მოსახერხებელი, უსაფრთხო და კომფორტული იქნება გადაადგილება ველოსიპედისტებისთვის.
„ეს მარტივი პროცესი არ არის. პირველ ეტაპზე ველოსადგომები შესაძლებელია განვათავსოთ ერთ ადგილას, შემდგომ კი პრაქტიკამ გვაჩვენოს, რომ მას მოქალაქეები აქტიურად სხვა ადგილას უფრო მოიხმარენ და იქ გადავიტანოთ. რაც შეეხება ველობილიკს ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ გაკეთდება დედაენის ბაღიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც საკმაოდ განიერი ტროტუარია და შესაბამისად მოვაწყობთ, რომ ველოსიპედით იყოს გადაადგილება შესაძლებელი“, -განაცხადა მირიან ლებანიძემ.
მისივე ინფორმაციით, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე გეგმავს, თავისი ველოსიპედი მიიყვანოს სამსახურში, გააჩეროს და ქალაქის ცენტრში იმოძრაოს ამ ველოსიპედით.
ლებანიძის აზრით, სამსახურის ხელმძღვანელის ამ ქმედებას შესაძლოა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სხვა თანამშრომლებმაც მიბაძონ, რომლებიც თბილისის ცენტრალურ უბნებში ცხოვრობენ.

კომენტარი