ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლაში საგანგაშო არაფერია – არქიტექტორი

ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლაში საგანგაშო არაფერია – არქიტექტორი

12266
გაზიარება

არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი, ვარაზისხევში არსებული ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ ასფალტის საფარის დაგების შემთხვევაში, ეს ტერიტორია ავტომობილით მგზავრობისთვის უფრო კომფორტული გახდება.
​როგორც „სითი კვირას“ თამაზ დოგრაშვილმა განუცხადა, ასფალტის საფარზე ავტოტრანსპორტი გაცილებით კომფორტულად იმოძრავებს და მგზავრსაც არ დაეუფლება უხეში შეგრძნება.
მისივე თქმით, იყო პერიოდი, როცა ავტოტრანსპორტის საბურავები არ იყო სათანადო ხარისხის, არ ჰქონდათ იმ დონის ჩაჭიდება, რაც თანამედროვე საბურავებს აქვთ, შესაბამისად ზამთრის სეზონზე, ავტომობილის მოცურების შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირებულიყო, მაღალპროცენტიან ქანობზე ცდილობდნენ ქვაფენილი დაეგოთ. ეს ქვაფენილი გარკვეულწილად ეხმარებოდა საბურავს წინააღმდეგობის გადალახვაში.
„თბილისი რთულ რელიეფიანი ქალაქია და მთაწმინდაზე, თუ სოლოლაკში, შემაღლებულ გზებზე ქვაფენილები გვხვდება, იმიტომ, რომ აღმართზე ავტომობილის შეჭიდულება უფრო მკვიდრი ყოფილიყო და მინიმუმამდე შემცირებულიყო მოცურების შესაძლებლობა“, – განაცხადა დოგრაშვილმა.
არქიტექტორის თქმით, დღეს უკვე, უკეთესი ხარისხის ასფალტი არსებობს, გაცილებით მაღალი ხარისხის ავტომობილის საბურავებს უშვებენ და მოცურება უკვე გამორიცხულია. ამიტომ მიაჩნია, რომ ასფალტის დაგების შემთხვევაში, ვარაზისხევის აღმართზე მგზავრობა უფრო კომფორტული იქნება.
„როგორც კი გადადიხარ ვარაზისხევის აღმართზე, იმ წუთშივე გრუხუნის ხმა გესმით, უხეშად მიდის ავტომობილი. ასფალტზე კი ივლის უფრო რბილად და ფაქიზად“, – აცხადებს დოგრაშვილი.
​კითხვაზე, მეწყრულ ზონაში, რამდენად სწორია ასეთი ჩარევა, არქიტექტორი განმარტავს, რომ მეწყერის პრობლემას ზოგადად ქვაფენილი ვერ მოაგვარებს და ქვაფენილებს ძველ თბილისში ძირითადად პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე აგებდნენ, ვიდრე ქალაქის ქუჩების გასაფორმებლად.
„ვარაზისხევში რომ დაიგოს ასფალტის საფარი ესთეტიურადაც უფრო სასიამოვნო იქნება და თანამედროვე ავტომობილებისთვისაც“, – მიაჩნია დოგრაშვილს.
აღსანიშნავია, რომ ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია სახელწოდებით – „დავიხრჩვით“ 26 მარტს გაიმართა. თბილისის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლები თბილისის მერიას მიმართავენ, ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი ასფალტით შეიცვალოს. ადგილობრივები დიდი რაოდენობით მტვერს და ხმაურს უჩივიან. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი განმარტავს, რომ დედაქალაქის მთავრობას ოფიციალური განცხადებით ათი დღის წინ მიმართეს, რეაგირებას კი დღემდე ელოდებიან. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები სამომავლოდ, გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

თამარ შელია

კომენტარი