თბილისის მერიაში MEDEF International -ის 28 კაციან დელეგაციას უმასპინძლეს ​

თბილისის მერიაში MEDEF International -ის 28 კაციან დელეგაციას უმასპინძლეს ​

505
გაზიარება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დღეს, MEDEF International-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა და დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 28 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან 22 სხვადასხვა კომპანიის, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის საბანკო საქმიანობა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ურბანული სფერო, თავდაცვა, ენერგია, კონსალტინგი, სოფლის მეურნეობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, კახა გვანცელაძე, “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი, ლევან ჯღარკავა, ასევე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.
„ჩვენ მივიღეთ საფრანგეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა საკმაოდ სოლიდური დელეგაცია. მათ წარვუდგინეთ თბილისის საინვესტიციო პროფილის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა თბილისში დაგეგმილ ყველა პროექტს. გავაცანით ის პოტენციალი, რაც გააჩნია თბილისს საინვესტიციო მიმართულებით. კომპანიების ინტერესი არის ძალიან მაღალი და იმედი მაქვს, ამ შეხვედრას მოჰყვება კონკრეტული შედეგი საინვესტიციო აქტივობის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, დელეგაციას კომპანია Oberthur Technologies -ს Identité -ს განყოფილების გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, MEDEF International -ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ ფონტენი ხელმძღვანელობს.
მათივე ინფორმაციით, MEDEF International -ის დელეგაცია საქართველოში ბოლოს 2015 წლის მაისში იმყოფებოდა. ეს საქართველოში განხორციელებულ მისიებს შორის რიგით მეხუთე ვიზიტია. ვიზიტის პროგრამა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი უშუალო მხარდაჭერით შემუშავდა. პროგრამა საშუალებას აძლევს ფრანგულ კომპანიებს პირადად შეხვდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს და ადგილობრივ კომპანიებს, ისევე როგორც ქვეყანაში აქტიურ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს.
MEDEF International 1989 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმოადგენს MEDEF -ს მთელს მსოფლიოში, ორმხრივი ურთიერთობების დონეზე. MEDEF International -ი ხელს უწყობს ფრანგული კომპანიების გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, სავაჭრო გაცვლას, ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, ხანგრძლივ პარტნიორობასა და ინვესტიციებს.

კომენტარი