სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

880
გაზიარება

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ახალი საბავშვო ბაღი თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე სოფელ დიღომში შენდება. ბაღის მშენებლობას საფუძველი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსთან თემურ თორდინავასთან და სოფელ დიღომში მცხოვრებ პატარებთან ერთად ჩაუყარა და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამჟამად სოფელ დიღომში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ის ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რადგან აღნიშნულ ბაღში ბავშვები სოფელი დიდგორიდან, თელოვანიდან და ძველი ვეძისიდან დადიან.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი 2018 წლიდან 350-მდე ბავშვს მოემსახურება.

„სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება, რათა მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდეს და მომდევნო წლიდან საბავშვო ბაღში უკვე აღსაზრდელები მივიღოთ. ეს იქნება აბსოლუტურად თანამედროვე შენობა , ენერგოეფექტური, ადაპტირებული და მაქსიმალურად კომფორტულად მოწყობილი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარი