ვცდილობდი მყარად ვმდგარიყავი ფეხზე – ნატო ცხვირავაშვილის ბრძოლა უმძიმეს დაავადებასთან

ვცდილობდი მყარად ვმდგარიყავი ფეხზე – ნატო ცხვირავაშვილის ბრძოლა უმძიმეს დაავადებასთან

1524
გაზიარება

​​ნატო ცხვირავაშვილმა მძიმე დაავადების შესახებ წლების წინ გაიგო და დიდი ფსიქოლოგიური სტრესის მიუხედავად, გადაწყვიტა ერთი წუთიც არ დაეკარგა. არ სურდა ამის შესახებ მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს რამე სცოდნოდათ. დარდი მხოლოდ მეუღლეს გაუზიარა. როგორც თავად ამბობს, არ მოსწონს, ოპერაციაზე შესულ პაციენტს საავადმყოფოს ფოიეში უამრავი ადამიანი რომ ელოდება. ამჯობინა, ეს ყველაფერი ჩუმად გადაეტანა და ახლობლებს, მხოლოდ ოპერაციის შემდეგომ გაეგოთ.
​ვცდილობდი მყარად ვმდგარიყავი ფეხზე და არავინ შემეწუხებინა. არავისთვის მითქვამს, საკუთარი დისთვისაც კი, რომ არ ენერვიულა. მე და ჩემმა ქმარმა ერთად გადავიტანეთ ყველაფერი. არც ის მიყვარს, ოპერაციის დროს ჯარი რომ დგას. მორჩება ოპერაცია და მერე გაიგოს ყველამ. სხვების ისტორიები რომ მესმის, მიმაჩნია, რომ მაინც მედგრად გადავიტანე. რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური სტრესიც მივიღე”,- ამბობს 59 წლის ​​ნატო ცხვირავაშვილი.
მან ძუძუს ოპერაცია 2015 წლის 5 დეკემბერს გაიკეთა. გაიგო თუ არა ამ დაავადების შესახებ (კიბოს მეორე სტადია იყო უკვე და რადიკალური მასტექტომია გაკეთდა), გასინჯვიდან ორი კვირის თავზე ოპერაცია გაიკეთა. ნატო ცხვირავაშვილი თბილისის მერიის ეროვნულ სკრინინგ ცენტრში თავისი სურვილით მივიდა გამოკვლევებზე. მანამდე თვითგასინჯვით კისტა აღმოაჩნდა, გაიკეთა ოპერაცია და რეგულარულად კონსულტაციაზე წელიწადში ერთხელ დადიოდა.
მამოლოგია, მამოგრაფია ყველაფერი გავიკეთე და სასწრაფო საოპერაციო აღმოვჩნდი. ყველა საჭირო საბუთი ორ კვირაში შევაგროვე. არ დამიკარგავს არც ერთი დღე. ოპერაცია მკერდზე გაკეთდა, შემდეგ იყო ქიმია. ამჟამად თერაპიის ბოლო კურსს ვიტარებ“, – იხსენებს ნატო ცხვირავაშვილი.
ოპერაციის შემდეგ პერიოდულად დადიოდა გასასინჯად. თავიდან თვენახევარში ერთხელ, ახლა – ექვს თვეში ერთხელ, შემდეგ კი, წელიწადში ერთხელ მოუწევს. ახლა ყველანაირი ანალიზები, ექოსკოპია, ტომოგრაფია გაკეთებული აქვს და, როგორც ექიმები ეუბნებიან, ყველაფერი ნორმაშია.
მკურნალობის შემდეგ, ქალბატონი ნატო სკრინინგ ცენტრში არსებულ „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ გაწევრიანდა, სადაც ერთმანეთის ისტორია იციან და ერთმანეთს გასაჭირს უზიარებენ. ქალთა კლუბი, მისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური გარემოა, რადგან დაავადებასთან ბრძოლის პირველ ხანებში დიდი სტრესის გადატანა მოუხდა.
“აქ, ძალიან გახსნილი ურთიერთობაა. ყველას საერთო რაღაც გვაქვს გადატანილი და ამის გამო, ურთიერთობაც სხვაგვარად ყალიბდება. ვის რა უჭირს და ვის რა ულხინს… ნამდვილად შვებაა კლუბში ერთმანეთის ნახვა. ამავე დროს, უამრავ ერთობლივ ღონისძიებებს ვმართავთ”, – განაცხადა ნატო ცხვირავაშვილმა.
„ვეხვეწები ყველას, დარეკონ სკრინინგ ცენტრში, ჩაეწერონ ცხელ ხაზზე 220 35 35… დაავადებთა სკრინინგის პროგრამით, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოკვლევები უფასოა. მაქსიმუმ 1 საათია საჭირო ყველა გამოკვლევისთვის. ეს დრო უნდა დაუთმო საკუთარ ჯანმრთელობას. ქვეცნობიერად ყველა ადამიანს აწუხებს კითხვა, – რამე ხომ არ სჭირს? მე თვითგასინჯვით გავიგე დაავადების შესახებ. ესეც, რომ არ ყოფილიყო და აქ არ მოვსულიყავი, უფრო მძიმე სტადია იქნებოდა“, – ამბობს ნატო ცხვირავაშვილი.
​ნატო ცხვირავაშვილი ყველას მოუწოდებს, შიში დაძლიონ და იმის მიუხედავად, აწუხებთ თუ არა რამე, გამოსაკვლევად ეროვნულ სკრინინგ ცენტრში აუცილებლად მივიდნენ, რადგან დაავადების ადრეული გამოვლენა საუკეთესო გზაა კიბოს დასამარცხებლად.

კომენტარი