თბილისის მეტროპოლიტენის კიდევ 8 ვაგონის მოდერნიზება მიმდინარეობს

თბილისის მეტროპოლიტენის კიდევ 8 ვაგონის მოდერნიზება მიმდინარეობს

864
გაზიარება

თბილისის მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული მომსახურების შესათავაზებლად, ასევე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, დედაქალაქის მერია განაგრძობს მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობების რემონტს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში, ამჟამად კაპიტალურად 8 ვაგონს არემონტებენ.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ვაგონები, 2 თვის განმავლობაში ეტაპობრივად განახლდება. მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციას – იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.
​სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ​
​დავით ნარმანის თქმით, მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტის მიზანია მგზავრებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული მომსახურების შეთავაზება.
„წლევანდელი გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაციის სამუშაოები. ახლა 8 ვაგონის მოდერნიზება ხდება. პირველ ეტაპზე მოძრავი შემადგენლობა თვის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესით მეტროპოლიტენის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
​როგორც მერიაში აცხადებენ, 2017 წელს იგეგემება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.

კომენტარი