თბილისის ქუჩების დაბინძურებისთვის 3 უცხოელი და 11 ადგილობრივი მოქალაქე დაჯარიმდა

თბილისის ქუჩების დაბინძურებისთვის 3 უცხოელი და 11 ადგილობრივი მოქალაქე დაჯარიმდა

8082
გაზიარება

შპს “თბილსერვის ჯგუფის” ქვეითმა ინსპექტორებმა, გარემოს დაბინძურებისთვის 20 აპრილს, თბილისში 14 პირი დააჯარიმეს. სამართალდამრღვევი პირიდან 3 უცხო ქვეყნის, იორდანიის, სომხეთის და ისრაელის, ხოლო 11 საქართველოს მოქალაქე იყო.
​როგორც „სითი კვირას“ შპს „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს, საჯარიმო ოქმების უმრავლესობა, კერძოდ, 13 საჯარიმო ოქმი შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე, ხოლო ერთი – მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე.
აღსანიშანავია, რომ თბილისის ქუჩების, პარკებისა და სკვერების დანაგვიანებისთვის მოქალაქეები 20 აპრილიდან უკვე, 80 -დან 500 ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან, მათ შორის მზესუმზირის ნარჩენებისა და სიგარეტის ნამწვის დაყრისთვის. ხოლო გარემოს სახიფათო ნარჩენებით დაბინძურებისთვის ჯარიმა 400-დან 1000 ლარამდე არის გათვალისწინებული.
​სპეციალურ ლურჯ ფორმაში გამოწყობილი, 20 ქვეითი ინსპექტორი, პირველ ეტაპზე სისუფთავეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტულ ზონაში არსებულ ქუჩებსა და სკვერებში, ასევე შიდა ეზოებში გააკონტროლებენ. ინსპექტორები აღჭურვილნი არიან ვიდეო კამერით და ფოტო აპარატით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები. თან ექნებათ ელექტროსასწორი, რის მიხედვითაც განსაზღვრავენ ნარჩენების წონას და შესაბამისი ოდენობის ჯარიმას გამოწერენ, რომელსაც მოქალაქე 30 დღის ვადაში, ბანკში გადაიხდის. მისი მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, ინსპექტორებს საპატრულო პოლიციის გამოძახების უფლება აქვთ. გარემოს დამცველი ინსპექტორები თბილისის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩნდნენ.

კომენტარი