ელიავას ბაზრობის გადატანა, არ გადატანის საკითხს არ წყვეტს გენგეგმის ჯგუფი – მამუკა...

ელიავას ბაზრობის გადატანა, არ გადატანის საკითხს არ წყვეტს გენგეგმის ჯგუფი – მამუკა სალუქვაძე

2372
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფ “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორ მამუკა სალუქვაძის განცხადებით, ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანა არ გადატანის საკითხს არ წყვეტს გენგეგმის ჯგუფი, რადგანაც ეს მერიის პრეროგატივაა.
​მისი განმარტებით, გენგეგმის ჯგუფი დედაქალაქის მთავრობას სთავაზობს წინადადებას, თუ როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა, ალტერნატიულ ტერიტორიებზე, ქალაქის განაშენიანებული სივრცის ფარგლებში, ისე რომ თითოეული იქ დასაქმებული ადამიანისა და უპირველეს ყოვლისა, მესაკუთრეების ინტერესი იყოს დაცული.
„ჩვენ არ გვითქვამს, რომ ბაზრობა უნდა დაიხუროს. გენგეგმის ჯგუფი ნებართვას ვერ გასცემს. სამუშაოების გარკვეულ ეტაპზე, მერიას შევთავაზეთ წინადადება ე.წ. ელიავას ბაზრობის ადგილმონაცვლეობის შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის წლებზე გაწერილი პროგრამა, რომელიც შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. მაგრამ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ მერიამ და მესაკუთრეებმა. თუ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, მაშინ ყველა ადამიანი მიიღებს, ალბათ, უფრო ცივილურ გარემოში მუშაობის საშუალებას”,- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
​მისივე თქმით, სოციალურ საკითხზე საუბრისას არ უნდა დაივიწყონ “ელიავას ბაზრობის” მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებიც, რომლებიც მათ საცხოვრებელთან უშუალო სიახლოვეს მოქმედი საამქროებითა და საწარმოებით არიან შეწუხებულნი.
“ყველას ინტერესი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა რომ რეალისტური და დაბალანსებული გადაწყვეტა იქნას მიღებული. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სწორედ ასე ევალება საკითხების გადაწყვეტა. მაცხოვრებლების ინტერესებიც უნდა დაკმაყოფილდეს და ამავე დროს, ბიზნესსაც არ უნდა შევუქმნათ პრობლემები, არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სამუშაოს გარეშე“, -განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
​მისი ინფორმაციით, გენგეგმის ჯგუფისთვის ცნობილია, რომ “ელიავას ბაზრობის” ადმინისტრაციას საკუთარი პროექტი აქვს, თუმცა, რამდენად მისაღებია ის თბილისისთვის ეს სერიოზულ მსჯელობას საჭიროებს.
“განხილვის საგანია, რამდენად მისაღებია ასეთი ფუნქციის იქ დატოვება და არა პერიფერიებისკენ გადატანა. „ელიავას ბაზრობა“ სერიოზული ბრენდია, ბევრი მომხმარებელი ჰყავს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატივები მათთვის საინტერესო იყოს იმ ფონზე, როდესაც ქალაქის განვითარების ვექტორი, ახალი მიწათსარგებლობის გენგეგმის თანახმად, ქალაქის ცენტრიდან უფრო პერიფერიისკენ გადაიწევს, რაც ქალაქის თანაბარი განვითარების წინაპირობაა ”, – განმარტავს მამუკა სალუქვაძე.
​მისივე ინფორმაციით, გეგმის საბოლოო ვარიანტი დამკვეთს 15 მაისს უნდა ჩაბარდეს, რის შემდგომაც დაიწყება საჯარო განხილვები. საკითხისადმი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გენგეგმის ჯგუფის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ კონსტრუქციული ხასიათის შენიშვნები გაითვალისწინონ და ასახონ ისინი გეგმაში.

კომენტარი