კოლმეურნეობის მოედნის ნაწილი საფეხმავლო გახდება

კოლმეურნეობის მოედნის ნაწილი საფეხმავლო გახდება

1322
გაზიარება

თბილისის მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედნის, ყოფილი კოლმეურნეობის მოედნისა და ათონელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყება. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ავტომობილებისთვის აშენდება მიწისქვეშა პარკირებები. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია მოედნის ერთი ნაწილი საფეხმავლოდ გადაკეთდეს.
​როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბორჯომში გამართული მერიის სემინარის მსვლელობისას განაცხადა, კოლმეურნეობის მოედანზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება, ვიდრე თბილისის ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული, დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია იყო.
მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ორწლიანი პროექტისთვის 20 მლნ ლარი დედაქალაქის ბიუჯეტში აკუმულირებული აქვთ.
​კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ ყვავილების ბაზრობას რაც შეეხება, დავით ნარმანიას თქმით, მეყვავილეები დედაქალაქის ამ უბნის შემადგენელი ნაწილია და ისინი კვლავაც ამ ტერიტორიაზე დარჩებიან, იმ განსხვავებით, რომ მათთვის შესაბამისი სივრცე მოეწყობა.

კომენტარი