მდინარეებისა და ხევების კალაპოტებში მშენებლობა უნდა აიკრძალოს – მერაბ ბოლქვაძე

მდინარეებისა და ხევების კალაპოტებში მშენებლობა უნდა აიკრძალოს – მერაბ ბოლქვაძე

296
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მდინარეებისა და ხევების კალაპოტებში მშენებლობები უნდა აიკრძალოს და ეს ადგილები რეკრეაციულ ზონებად გარდაიქმნას.
​როგორც მერაბ ბოლქვაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, აუცილებლად უნდა „გაიხსნას“ მდინარეები, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთებზე მილებში გადის, ზემოდან კი მიწაა დაყრილი, რაც სტიქიური უბედურების რისკს ზრდის.
“გავიხსენოთ მდინარე ვერეს ხეობის ტრაგედია. მდინარეების კალაპოტები მშენებლობებისგან თუ გათავისუფლდება, შესაძლებელია მათი მწვანე ზონებად მოწყობა. პირველ რიგში ვგულისხმობ დუქნის ხევს (ლილო), გლდანის ხევსა და წოწორას ხევს (დიღომი), ასევე თემქის პარკთან ხევძმარის შენაკადს “, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
მდინარე ვერეს რაც შეეხება, ბოლქვაძის განმარტებით, უკვე ათვისებულ ტერიტორიებს ვეღარ გამოათავისუფლებენ, თუმცა მიწის ქვეშ მოქცეული მდინარის შესართავები ყველგან უნდა გაიხსნას.
მისივე თქმით, რეკრეაციული ზონის შესაქმნელად ძალიან კარგი რესურსი იყო ვარაზისხევში, მაგრამ მდგომარეობა ხელოვნურად გაფუჭდა. “კეკელიძის ხევი მთლიანად ამოივსო, რაც სავალალოა. ცხადია, ამიერიდან ვინც აკრძალულ ზონაში მშენებლობის უფლებას მოითხოვს, უარი უნდა ეთქვას“, – მიაჩნია ბოლქვაძეს.

კომენტარი