მიტოვებული საწარმოების ტერიტორიებზე სარეკრეაციო სივრცეები უნდა მოეწყოს – გენგეგმის ჯგუფი

მიტოვებული საწარმოების ტერიტორიებზე სარეკრეაციო სივრცეები უნდა მოეწყოს – გენგეგმის ჯგუფი

288
გაზიარება

​თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქში არსებული, უფუნქციოდ დარჩენილი საწარმოების ტერიტორიები უნდა განვითარდეს და მათ ადგილას არა საცხოვრებელი სახლები, არამედ ფუნქციური შენობები და სარეკრეაციო სივრცეები უნდა მოეწყოს.
​როგორც მერაბ ბოლქვაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, დედაქალაქში საკმაოდ ბევრია მსგავსი ტერიტორია, რომლებიც საწარმოს გაჩერების შემდეგ გავერანდა, გაჩანაგდა ინფრასტრუქტურაც და ეს შენობები საწყობისთვისაც ვეღარ გამოიყენება.
მერაბ ბოლქვაძის აზრით, ასეთი ადგილები თავიდან უნდა განვითარდეს.
“არ არის აუცილებელი ყველგან საცხოვრებელი შენობები აშენდეს. ჩვენი კვლევებით დადგენილია, რომ თბილისში მშენებლობა – განაშენიანების 82% საცხოვრებელ შენობებს შეადგენს, ქალაქს კიდევ სხვა ტიპისა და ფუნქციის შენობები სჭირდება. თბილისს გამწვანებული ტერიტორიების დეფიციტიც აქვს. ამიტომ ყოფილი საწარმოების თითქმის ნახევარი სარეკრეაციო საჯარო სივრცეებად უნდა გადაიქცეს“, -განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
​მისივე განმარტებით, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია შეთანხმებული პროექტები, რომელიც საერთო ჯამში 6,5 მლნ მ2-ს მოიცავს. მათი უმეტესი ნაწილი ასეა თუ ისე, მისაღებია განაშენიანების რეგულირების გეგმისთვის.
„არაგონივრული გამჭიდროებებით ქალაქის ზოგიერთ უბანში სამარცხვინო შედეგი მივიღეთ – შენობებს შორის საცხოვრებელი კორპუსები ჩაჩხირეს. ბუნებრივია, ამან უძრავი ქონების ფასებზეც იმოქმედა. მაგალითად, თუკი ადამიანს 50. 000 დოლარის ქონება ჰქონდა, მისი ფასი 30. 000 დოლარამდე დაეცა. სანამ გენგეგმაზე მუშაობა დასრულდებოდა, თბილისის მერიას ცენტრალურ უბნებში მშენებლობების ნებართვების არათუ შეზღუდვა, შეჩერება ვთხოვეთ“, – აცხადებს ბოლქვაძე.
მისივე თქმით, დედაქალაქში ახალი მშენებლობები ძირითადად, ადრე გაცემული ნებართვების საფუძველზე მიმდინარეობს.

კომენტარი