გივი ბერიკაშვილის ბიუსტი “უკვდავთა ბაღში” დაიდგმება 

გივი ბერიკაშვილის ბიუსტი “უკვდავთა ბაღში” დაიდგმება 

130
გაზიარება

ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული ვარსკვლავის, საქართველოს სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატის, “ხელოვნების ქურუმის”, თბილისის საპატიო მოქალაქე გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დღეს, 17:00 საათზე, ხელოვნების სასახლის “უკვდავთა ბაღში” დაიდგმება.
როგორც “სითი კვირას” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მისმა მეგობარმა, მოქანდაკე თემურ ჭყონიამ, მის სიცოცხლეშივე შექმნა​, რომელიც შემდგომ თბილისის მერიის ხელშეწყობით ბრინჯაოში ჩამოისხა.
​მათივე ინფორმაციით, სასახლის “უკვდავთა ბაღში” მანამდე, სოფიკო ჭიაურელის, გურამ საღარაძის, ომარ კელაპტრიშვილის, ალექსანდრე სლოვინსკისა და სხვა ცნობილი ხელოვანებისა და საზოგადო მოღვაწეების ბიუსტები დაიდგა.
“უკვდავთა ბაღში” დღეს, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც მსახიობის მეგობრები და კოლეგები მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრებენ.
​2008 წელს, მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა გივი ბერიკაშვილის სახელობის ვარსკვლავი და გამოიცა წიგნი – „სახალხო არტისტი – გივი ბერიკაშვილი“.
1956 წელს, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გივი ბერიკაშვილმა სამსახიობო მოღვაწეობა სოხუმის თეატრში დაიწყო, შემდეგ კი მოღვაწეობა თბილისის მარჯანიშვილის თეატრი განაგრძო და დაუვიწყარი სცენიური სახეები შექმნა: მეფე ერეკლე, მიტუა, ალექსანდრე ჩინჩახელი და სხვა.
მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს მისი კინოგმირები ფილმებიდან: “ლონდრე”, “სიყვარული ყველას უნდა”, “ღვინის ქურდები” და მრავალი სხვა.

კომენტარი