თბილისში ბოლო ხანებში მომხდარი მიწისძვრები მეწყერის გააქტიურებას ვერ გამოიწვევს – ლაშა სუხიშვილი

თბილისში ბოლო ხანებში მომხდარი მიწისძვრები მეწყერის გააქტიურებას ვერ გამოიწვევს – ლაშა სუხიშვილი

220
გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენელი ლაშა სუხიშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში თბილისში მომხდარი 4.5, ან 4 .8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მეწყერის გააქტიურებას ვერ გამოიწვევს, თუმცა ხელს უწყობს იმას, რომ უფრო უკეთესად შემზადდეს ფერდობი მეწყერისთვის.
როგორც ლაშა სუხიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, თბილისში წელსაც, იმავე ოდენობის ნალექი, რომ მოვიდეს, რაც 2015 წელს და იგივე ფაქტორები დაემთხვეს, ფერდობებიდან მიწის მასა მდინარე ვერეს კალაპოტში ჩავიდეს, თბილისს საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა საფრთხეს შეექმნებათ უშუალოდ იმ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს, ან ცხოველებს.
მისივე განმარტებით, ​მეწყერს მარტო ჭარბი ნალექი არ იწვევს. თუ ფერდობი გამოფიტული და დანაპრალებულია, აქვს შესაბამისი დახრა, გეოლოგიური სტრუქტურები მეწყრისთვის სასიკეთოდ არის განლაგებული, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი წვიმა მოვიდეს, შესაძლოა მიწისძვრამაც გამოიწვიოს მეწყერი, ან რაიმე სხვა ტიპის რყევამ.
მისი თქმით, თბილისში ასეთი უბნები მდინარე ვერეს ხეობაში არსებობს, განსაკუთრებით მდინარის მარჯვენა ნაპირზე.
​”ბოლო ხანებში მომხდარი მიწისძვრების ეპიცენტრი თბილისიდან მოშორებით, ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოდან ჩრდილო – აღმოსავლეთით, დაახლოებით 50-100 კილომეტრით დაცილებით იყო, თუმცა, თბილისშიც იგრძნობოდა“, – განაცხადა სუხიშვილმა.
რაც შეეხება ნალექს, ლაშა სუხიშვილის შეფასებით, წინა წლებთან შედარებით თბილისში წელს უხვნალექიანობა არ არის და მეწყერის საშიშროება ნაკლებია, თუმცა მაისი და ივნისი ტრადიციულად რეგიონში უხვნალექიანი პერიოდია.
ლაშა სუხიშვილის თქმით, როდესაც საუბარია მეწყერზე საკმაოდ საფრთხილოა მშრალი ხევები, რომელსაც მოსახლეობა სამშენებლო ნარჩენებით აბინძურებს, ამიტომ საჭიროა ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება.
“საკმაოდ საფრთხილოა ის მშრალი ხევები, რომელიც თბილისს გარშემო აკრავს, უშუალოდ თბილისში შეიძლება არ მდებაროებდეს მაგრამ მოსახლეობა ამ ხევებს, ხშირ შემთხვევაში, სამშენებლო ნარჩენების გადასაყრელად იყენებს. ხედავენ მშრალ ხევს და სურთ ამოავსონ, მაგრამ ეს არ არის მუდმივად მშრალი ხევი. ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს წყალმოვარდნა და იქ დაგროვებული მასალა თბილისისკენ წამოიღოს. ამიტომ არამარტო მშენებლობები და ბუნებრივი პირობებია საფრთხილო, არამედ მოსახლეობის ქმედება – ერთი შეხედვით უსაფრთხო, ჩაღრმავებული რელიეფის სამშენებლო ნარჩენით ამოვსება“, – განაცხადა სუხიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მეწყერსაშიში ადგილებია ასევე, ახალდაბა-წყნეთის გზა, წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე შარშანწინდელი მონაცემებით შერჩენილი იყო დაძრული მასის დაახლოებით 25%, რომელიც შემდგომ გაიტანეს.

კომენტარი