ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყება    

ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყება    

181
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას, თბილისის მერია, ა(ა)იპ„თბილისის განვითარების ფონდთან“ ერთად გეგმავს. ქუჩის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტი 2017 წლის ბოლომდე მომზადდება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყება.
​როგორც “სითი კვირას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ​ფიროსმანის ქუჩის აღდგენა და განახლება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდება და ქუჩაზე მდებარე 40-მდე შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო არეალში განსახორციელებელი სამუშაოები წინასწარ შემუშავებული კვლევის მიხედვით დაიგეგმება.
მათივე ინფორმაციით, წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფიროსმანის ქუჩის N29 – ში მდებარე, მხატვრის, ნიკო ფიროსმანიშვილი მუზეუმის შენობას. საპროექტო სამუშაოები 3 თვეში დასრულდება, ხოლო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომით დაიწყება.
​ფიროსმანის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი რიმა ბერაძე, თბილისის „განვითარების ფონდის დირექტორი“გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები დღეს შეხვდნენ.
„ამ ქუჩის რეაბილიტაცია ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და შემდგომ პერიოდში დგება ის დრო, როდესაც მნიშვნელოვანი პროექტები უნდა მოვამზადოთ, ამ უბნის განვითარებასთან დაკავშირებით. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელ სახლებში არსებული მდგომარეობა და ამ ადამიანების ცხოვრება გახდება გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძის ინფორმაციით, ორი ათეული წლის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ფიროსმანის ქუჩაზე ათეულობით სახლი დაზიანდა, თუმცა, არც ერთ წინა ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია.
ფიროსმანის ქუჩა

კომენტარი