ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის ინოვაციური კომისიის სხდომა გაიხსნა 

ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის ინოვაციური კომისიის სხდომა გაიხსნა 

176
გაზიარება

ინოვაციის სფეროში, სხვადასხვა ქალაქების გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისში დღეს, ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის ინოვაციური კომისიის სხდომა გაიხსნა. წლევანდელი კომისიის სხდომის თემაა „მდგრადი განვითარება და ინოვაციური ქალაქები”. ინოვაციურ კომისიას თბილისთან დაძმობილებული ქალაქი ნანტი ხელმძღვანელობს.
როგორც სხდომის გახსნისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განხორციელებაში სხვადასხვა ქალაქების გამოცდილების გაზიარება.
“მომდევნო წელს თბილისში კონფერენცია უკვე ფრანკოფონ მერთა მონაწილეობით გაიმართება. დღეს, ამ კონფერენციის მოსამზადებელ საკითხებზეც ვიმსჯელებთ. გარდა ამისა, სამომავლო თანამშრომლობის  გეგმასაც დავსახავთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომაზე ტექნოლოგიურ ინოვაციებში მოქალაქეთა მონაწილეობასა და მათი მიდგომების შეცვლაზე, ასევე მდგრად ურბანულ სამსახურებში ინოვაციების დანერგვაზე ისაუბრეს. თბილისში განხორცილებულ ინოვაციურ პროექტზე პრეზენტაცია თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა წარადგინა. სამსახურის წარმომადგენლებმა „ქალაქი-ბიბლიოთეკის“ ციფრული პროექტის შესახებ ისაუბრეს. სტუმრები თბილისის ტექნოლოგიური პარკის სიახლეებსაც გაეცნენ.
საკუთარ ქალაქებში განხორციელებული ინოვაციური პროექტები ქალაქ ნანტის, პარიზის, ჟენევის, ლიეჟისა და აბიჯანის წარმომადგენლებმაც წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ​თბილისი ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციაში 2001 წლიდან არის გაერთიანებული და ბოლო წლების განმავლობაში სისტემატიურად მონაწილეობს, როგორც ასოციაციის გენერალური ასამბლეების, ასევე ასოციაციის ინოვაციური კომისიის მუშაობაში.

კომენტარი