აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 130 წლისაა – გოთური და ისლამური ფორმების ჰარმონიული სინთეზი 

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 130 წლისაა – გოთური და ისლამური ფორმების ჰარმონიული სინთეზი 

255
გაზიარება

XIX საუკუნის მიწურულის, თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ ნაგებობას და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად აღიარებულ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს, დაარსებიდან 130 წელი უსრულდება. ის მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების და მკვეთრი ურბანული მნიშვნელობის ნაგებობაა, სტილისტური თვალსაზრისით კი, მრავალი ტრადიციის შერწყმის შედეგია. შენობის ფასადი ითავსებს ე.წ. “რუსული სტილის”, კლასიცისტურ თუ გოთურ და ისლამურ ფორმებს.
კავკასიის სააბრეშუმო სადგურის კომპლექსის მშენებლობა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისში მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო. ის, ცნობილმა ბუნებისმეტყველმა, ნიკოლაი შავროვმა 1887 წელს დააარსა და კომპლექსის მშენებლობაც მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. შენობა, რომელიც გ.ცაბაძის ქუჩის #6-ში , დავით აღმაშენებლის გამზირის ბოლოში, მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს, 1890-1892 წლებში აშენდა. თავდაპირველად კომპლექსი აერთიანებდა გრენის დასამზადებელ სახლს, აბრეშუმის ძაფის საგრეხ და ამოსახვევ კორპუსს, საჭიე ბინას და სხვა ნაგებობებს, მაგრამ დროთა განმავლობაში განადგურდა. კომპლექსის გამოკვეთილი დომინანტი – მთავარი შენობა კი, დღესაც სახე უცვლელია.
კავკასიის სააბრეშუმო სადგურის მთავარი შენობის, ისევე, როგორც მთელი კომპლექსის აღმშენებელი, თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩია. ის, იმ პერიოდის თბილისის არაერთი არქიტექტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და სტილისტურად მრავალფეროვანი საზოგადოებრივი, თუ საცხოვრებელი დანიშნულების შენობის ავტორია. მათ შორის არის: სასამართლო პალატა და საოლქო სასამართლო, სამუსიკო სკოლა – ამჟამად ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საარტისტო წრე, რუსთაველის თეატრი, არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად, ანდრეოლეტის სახლი და სხვა.
ქვის მაღალ ცოკოლზე მდგომ შენობას შეულესავი წითელი აგურის ფასადები, შუა რიზალითზე მიდგმული დიდი პორტიკი და ცენტრალური ნაწილის გადამხურავი მანსარდა გამოარჩევს.
აღსანიშნავია ​აბრეშუმის მუზეუმის ინტერიერის მორთულობა, რომელიც კლასიკურ არქიტექტურულ მორთულობასთან ერთად, აბრეშუმის თემაზე მისადაგებულ ნაძერწ ელემენტებსაც შეიცავს – ფრიზი, კარნიზი, პილასტრი, კაპიტელი – ხან თუთის ფოთლით, ხან აბრეშუმის ჭიით, ხან პარკითა თუ ჭუპრით არის გამოძერწილი.
აღნიშვნის ღირსია ასევე ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული და პირვანდელი სახით შმეონახული ავეჯი, რომელიც მუზეუმის საგამოფენო დარბაზსა და ბიბლიოთეკას ამშვენებს.
კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მიერ გამოცემული სამეცნიერო შრომების მიხედვით ცნობილია, რომ 1889-1904 წლებში სადგურმა მონაწილეობა მიიღო 64 სხვადასხვა ტიპის როგორც საერთაშორისო, ასევე რუსეთის მასშტაბით მოწყობილ გამოფენაში.

ავტორი: არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია.

აბრეშუმის პარკის რეცხვა ნუხაში, ერმაკოვის ფოტო
აბრეშუმის პარკის რეცხვა ნუხაში, ერმაკოვის ფოტო
ფოტო: რ. ი. ტილეს,  სრულიად რუსეთის მებაღეობის გამოფენაზე კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ექსპოზიცია, 1890წ.
ფოტო: რ. ი. ტილეს,
სრულიად რუსეთის მებაღეობის გამოფენაზე კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ექსპოზიცია, 1890წ.
ჭიის გამოკვება შუშაში, 1893წ. აბრეშუმის მუზეუმის კოლექციიდან
ჭიის გამოკვება შუშაში, 1893წ.
აბრეშუმის მუზეუმის კოლექციიდან

12783824_10153285781250740_3794060120783052688_o 12916112_10153351156715740_5462593316648350020_o 12916268_10153351156795740_5418687204511427851_o 12916762_10153354642270740_41357035722200998_o

18010271_10154286492205740_3756297266501045787_n

კომენტარი