მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვის გაცემის წესი იცვლება – თბილისის მერია

მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვის გაცემის წესი იცვლება – თბილისის მერია

120
გაზიარება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა, “თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში” შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა და დასადგენად საკრებულოს წარუდგინა. ახალი პროექტის თანახმად, დადგინდება მწვანე ნარგავების მოჭრის და საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები, ასევე, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირისათვის საჭირო პირობები და მწვანე ნარგავების გადარგვისათვის საჭირო კრიტერიუმები.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, ახალი წესი დეველოპერის მიერ საკომპენსაციო რგვებს ითვალისწინებს, ხოლო, ნარგავების შემდგომ მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უშუალოდ განახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი პროექტის თანახმად, გადარგვის პირობებს შეითანხმებს და შემდგომში მონიტორინგს განახორციელებს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, რასაც ძველი რედაქცია არ ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვა არ გაიცემა, თუ დაინტერესებული პირი ვერ წარმოადგენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ექსპერტის მიერ მწვანე ნარგავების შეფასებაზე გაცემულ დასკვნას, რაც ერთგვარი პრევენციული ღონისძიებაა.
“დამტკიცების შემთხვევაში, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური შექმნის მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე უფლებამოსილ ექსპერტთა მონაცემთა ბაზას და მხოლოდ ის ექსპერტები შეძლებენ დარეგისტრირებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს და წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას არ დაექვემდებარებიან ის ექსპერტები, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ან გაცემული დასკვნის სიყალბე დადგინდება”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, “თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის” პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილების თანახმად, დადგენილ ვადაში მომზადდა.

კომენტარი