არჩევანი – სიცოცხლე: როგორ დაძლია მძიმე სენი თეონა მიქავამ

არჩევანი – სიცოცხლე: როგორ დაძლია მძიმე სენი თეონა მიქავამ

2910
გაზიარება

38 წლის თეონა მიქავასთვის, წლევანდელი ზაფხული პირველი იქნება, როდესაც ის სრულებით განსხვავებული კრიტერიუმებით შეარჩევს ზაფხულის სამოსს. შარშან ამ დროს, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ზაფხულის მიწურულს უმძიმეს ოპერაციას გადაიტანდა, მაგრამ სწორი არჩევანის წყალობით გაიმარჯვა.
​თეონა მიქავამ, დაავადების ნიშნები წელიწადნახევრით ადრე აღმოაჩინა, თუმცა ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ ეს კიბო იქნებოდა და ექიმთანაც არ მისულა. დროთა განმავლობაში სიმპტომები კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. იღლიის ქვეშ საეჭვო კვანძი იზრდებოდა და ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერა. დიაგნოზი მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო – სიმსივნის მეორე სტადია. ახალგაზრდა ქალის თვალწინ მთელმა ცხოვრებამ გაირბინა. დაეუფლა შეგრძნება, თითქოს ერთ წერტილში გაიყინა და ამის იქით, მხოლოდ დასასრული იყო.
“ექიმმა ხელით გამსინჯა და მაშინვე მითხრა, – ძუძუს კიბო გაქვსო. პირველი ემოცია სრული შოკი იყო. როგორია, როცა ცხოვრებაში თავის ტკივილის წამალიც არ დაგილევია და ასეთ დიაგნოზს დაგისვამენ? შემდგომ ბიოფსია გამიკეთეს და პასუხები იგივე აღმოჩნდა, რაც ხელის გასინჯვის შემთხვევაში იყო. ეს პერიოდი ძალიან მძიმედ გადავიტანე. როცა მითხრეს კიბო გაქვსო, ვიფიქრე, ჩემი ცხოვრება აქ დამთავრდა, ყველაფერი მორჩა და ვკვდები – მეთქი”, – ამბობს თეონა.
სახლში როგორ მივიდა, არ ახსოვს. გონს რომ მოეგო, უკვე სამარშრუტო ტაქსიში იჯდა. გზადაგზა ექიმის სიტყვებს იხსენებდა. ექიმებმა გადაუდებელი  ოპერაცია, ძუძუს  მოკვეთა ურჩიეს. ეს თეონასთვის მეორე განსაცდელი აღმოჩნდა. „ძუძუს  მოკვეთა, ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო. ექიმმა მითხრა, – მესმის, რომ ძუძუს ოპერაციაზე დათანხმება თქვენთვის ძნელია, მაგრამ სიცოცხლე უფრო ძვირფასიაო“, – ამბობს თეონა მიქავა.
პირველი გულშემატკივარი დედა იყო, მისი განცდების დანახვისას მიხვდა, რომ სისუსტის გამოჩენის უფლება არ ჰქონდა და ძალები მოიკრიბა. ​ექიმის სიტყვებზე დიდხანს იფიქრა და ოპერაციას დათანხმდა.
“დედაჩემს რომ ვუყურებდი როგორ ნერვიულობდა, უფრო გავძლიერდი. ვიფიქრე, – ქალი არ მოკვდეს – მეთქი. თავს ძალა დავატანე და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ექიმი გადამარჩენდა. დროთა განმავლობაში ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. რომ დაინახავ, შენი ავადმყოფობა მკურნალობას ექვემდებარება,  განწყობა გეცვლება”,- აცხადებს თეონა.
ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. შემდეგ ქიმიოთერაპიის 6 კურსი ჩაიტარა, ამჟამად სხივურ თერაპიას გადის, სულ 25 პროცედურა სჭირდება.
სკრინინგ ცენტრში პერიოდულად გამოკვლევებზე დადის. იქვე ხვდება “გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ (ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი ქალების გაერთიანება) წევრებს, რომლებიც რთული პერიოდის წარმატებით გადალახვაში ეხმარებიან, რათა უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი გახდეს.
„ჩვენ ერთმანეთის გასაჭირი ვიცით. მათ ზუსტად იციან, რას ვგრძნობ და მეხმარებიან. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს ადამიანის მხარდაჭერას“, – გვითხრა თეონა მიქავამ.
38 წლის თეონა მიქავას ორი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. ოჯახი 15 წლის ასაკში შექმნა, რის გამოც სწავლა ვერ განააგრძო  და გული სწყდება. ნანობს, რომ პროფესიას ვერ დაეუფლა – ბავშვობაში მასწავლებლობაზე ოცნებობდა.
“დედობა კარგია, მაგრამ საკუთარ თავსაც უნდა მიაქციოს ქალმა ყურადღება. ყველას ვურჩევ, დროულად მივიდნენ ექიმთან, რომ მერე არ დაგვიანდეს. ​ქალისთვის ძუძუს მოკვეთა ძალიან მძიმე ტრავმაა. ვცდილობ, ამაზე ნაკლებად ვიფიქრო.  ექიმი რომ გეტყვის მკერდი, თუ სიცოცხლეო, რა არჩევანი უნდა გააკეთო? ოპერაციის შემდეგ წელს პირველი ზაფხული მექნება, თუმცა როგორ სამოსს ვეღარ ჩავიცვამ და რას დავემშვიდობები გარდერობიდან, ამაზე ფიქრი და მით უმეტეტს საუბარი, არ მსურს…“ – ამბობს თეონა მიქავა.
ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ექიმის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს. 5 წლის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. როგორც ამბობს, სკრინინგ ცენტრისთვის ადრე რომ მიემართა და უფასო გამოკვლევები ჩაეტარებინა, შესაძლოა, ასეთი რადიკალური ნაბიჯები არ დასჭირვებოდა.

კომენტარი