თბილისში ხმაურთან დაკავშირებული სანქციები პირველი ივლისიდან ამოქმედდება 

თბილისში ხმაურთან დაკავშირებული სანქციები პირველი ივლისიდან ამოქმედდება 

11481
გაზიარება

დედაქალაქში ხმაურის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონი სავარაუდოდ პირველი ივლისიდან ამოქმედდება, რაც სამშენებლო, საცხოვრებელი, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან ხმაურის დადგენილი ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის პირველ ეტაპზე გაფრთხილებას, ხოლო მეორე ეტაპზე დაჯარიმებას გულისხმობს. ასევე, კაფე-ბარების მეპატრონეები იძულებული ხდებიან შენობა შესაბამისი ხმის დამხშობი ტექნიკით აღჭურვონ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საპატრულო ეკიპაჟი მოახდენს.
​როგორც თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ქალაქში ხმაურის დონე გაკონტროლდება, როგორც დღის, ისე ღამის საათებში. საცხოვრებელი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან ხმაური დადგენილ ნორმას თუ გადააჭარბებს, პირველ ეტაპზე, ფიზიკური ან იურიდიული პირი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს. გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 150 ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს, იურიდიულ პირს კი – 500 ლარის. სამართალდარღვევის მესამედ და მისი შემდგომი ყოველი ჩადენისას ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 300 ლარამდე გაიზრდება, ხოლო იურიდიული პირისთვის – 1000 ლარამდე.
თედო კობახიძის განმარტებით, მოქალაქეს, რომელსაც მის საცხოვრებელ ფართში შემღწევი ხმაური შეაწუხებს, 112-ში განახორციელებს ზარს, საიდანაც განხორციელდება გადამისამართება იმ შესაბამის საპატრულო ეკიპაჟზე, რომელიც აღნიშნულ კვადრატში მოძრაობს. შესაბამისი ხმაურმზომი მოწყობილობით აღჭურვილი პატრული მიდის გამოძახების ადგილზე. 17361258_1555034731188331_1538653433_n
დეპუტატის თქმით, საქართველოს მასშტაბით წელს, უკვე ყოველი მესამე ეკიპაჟი იქნება აღჭურვილი აღნიშნული მოწყობილობით. მივა, გაზომავს შემღწევ ხმაურს და სამართლდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადგილზე გამოწერს საჯარიმო ქვითარს.
„მოწყობილობების შეძენას რაც შეეხება, 2017 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია ამიტომ შიდა ასიგნებებიდან შესაძლებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოყოს 15 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. ჩვენ გვქონდა ამაზე კომუნიკაცია. ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყოველი მესამე ეკიპაჟი აღიჭურვოს, მომავალ წელს კი, ყველა ეკიპაჟი აღიჭურვება აღნიშნული აპარატით“, – განაცხადა თედო კობახიძემ.
​მისივე თქმით, აქ საუბარია ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირიდან გამომავალ ხმაურზე, ზღვარგადასულ გამოღწეულ ხმაურზე, რომელიც ხელს უშლის ადამიანის ჯანმრთელობას. კანონპროექტი პარლამენტში 5 კომიტეტმა უნდა განიხილოს. 3 კომიტეტზე აღნიშნულ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. თედო კობახიძე დარწმუნებულია, რომ რომ პირველი ივლისიდან კანონი ამოქმედდება, იმ რედაქციით რა რედაქციითაც მათ მიმართეს საქართველოს პარლამენტს, კერძოდ, დღის საათებში – 7:00 -დან 23:00 საათამდე პერიოდში, ხმაურის დასაშვებ ნორმად განისაზღვრება 40 დეციბელი, ღამის საათებში საღამოს 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე პერიოდში კი, 30 დეციბელი  იქნება ზღვრული ნორმა. IMG_1250
“ვფიქრობ, ეს იქნება ყველანაირად შემაკავებელი ნორმა იმისა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს და დედაქალაქის სტუმრებს მიეცეთ საშუალება, მშვიდად დაიძინონ მათ ბინებსა და სასტუმროს ნომრებში. სასტუმროს მეპატრონეები ხშირად აცხადებენ, რომ კაფე-ბარებიდან გამომავალი ხმაური მათ კლიენტებს აფრთხობს და აზარალებს მათ ბიზნესს. იყო შემთხვევები, როცა სასტუმროში დაჯავშნილი ნომრის თანხებს სასტუმროს მეპატრონეები უკან უბრუნებდნენ ტურისტებს, რადგან სასტუმროს ნომერში მშვიდად დაძინების საშუალება არ ჰქონდათ“, – განაცხადა თედო კობახიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით განსაკუთრებული არაფერი ხდება, უბრალოდ, ადამიანებმა უნდა ისწავლონ, რომ ბიზნესი არ უნდა აკეთონ სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე, ხოლო, მათ, ვისაც თავისი საქმიანობა ხმაურზე აქვს აწყობილი, მოუწევს შენობის შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით იზოლირება, რაც დღეის მდგომარეობით ადვილად ხელმისაწვდომია.
ხმაურთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში 2016 წლის 26 სექტემბერს შევიდა. პროექტის ავტორი, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეა.

კომენტარი