სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო – ვინ არის, სკრინინგ ცენტრის ყველაზე ცნობისმოყვარე პაციენტი?

სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო – ვინ არის, სკრინინგ ცენტრის ყველაზე ცნობისმოყვარე პაციენტი?

3401
გაზიარება

54 წლის ნანული პაპაშვილმა ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ 2010 წელს შეიტყო. თავდაპირველად სხეულზე პატარა კვანძი შეამჩნია. სამედიცინო ლიტერატურის კითხვა ყოველთვის უყვარდა და დაიწყო ინფორმაციის მოძიება, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს. დაავადების შესახებ პირველს მას გაუჩნდა ეჭვი და სასწრაფოდ გადასამოწმებლად ექიმთან მისვლა გადაწყვიტა. 2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში მას ორი ოპერაცია დასჭირდა (რადიკალური მასტექტომია, საშვილოსნოს ამოკვეთა). ქიმიოთერაპიის ოთხი კურსი ჩაიტარა.
“როცა დიაგნოზი გავიგე, ავღელდი. ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს რომ დაგისვამენ, სიკვდილის განაჩენს უდრის. თითქოს გეთიშება გონება და აღარ იცი რა ქნა, როგორ მოიქცე. ერთია ფსიქოლოგიური ტრავმა, მეორე – ფიზიკური. ამას ემატება ფინანსური პრობლემები, სოციალური მდგომარეობა. გარშემო მყოფები განსხვავებულად გიყურებენ, თითქოს მოსიარულე მკვდარი ხარ. მეგობრები და ნათესავები თავს გარიდებენ“, – ასე იხსენებს იმ პერიოდს ნანული პაპაშვილი.
თანდათან თითქოს გაცივდა მეგობრული ურთიერთობები, გულითადი საუბრები… არადა ადამიანს სწორედ ასეთ დროს ესაჭიროება გულშემატკივარიც, მეგობრის დახმარებაც, თანამოაზრეც, დამრიგებელიც, ექიმის შერჩევაში დახმარება და ათასი წვრილმანი. ფსიქოლოგიურად ძალიან გაუჭირდა ამის გადატანა, რადგან არ იცოდა, დაავადება რა სტადიაზე იყო და ყველნაირად ცდილობდა მობილიზებული ყოფილიყო ექიმთანაც, გარშემომყოფებთან, ოჯახის წევრებთან.  წამლის ინსტრუქციებს თავადვე კითხულობდა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცუდად იყო და ოპერაციის, ქიმიოთერაპიის შედეგად კიდევ უფრო დასუსტდა. ოპერაციების შემდეგ საჭირო ნემსებსაც თავადვე იკეთებდა, იმედს არ კარგავდა.
​როგორც ნანული პაპაშვილი ამბობს, ონკოლიგია, სპეციფიკური თემაა, რომლის შესახებაც ინფორმაციის მოპოვება ადვილი არ არის. “ეს საზოგადოებისთვის დახურული თემა იყო მაშინ. ახლა უფრო არის ინფორმაცია. რაღაცეები გაიგეს, მეტ-ნაკლებად წარმოდგენა აქვთ, მაგრამ მანამდე, 2010 წელს, ონკოლოგია დახურული თემა იყო, არავინ არაფერი არ იცოდა. ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრი გადავიტანე, მაგრამ თავს ვიმხნევებდი. შვილი ზრუნავდა ფინანსური პრობლემის მოგვარებაზე, ექიმთან ვიზიტებზე მივყავდი, მაგრამ მაკლდა მორალური მხარდაჭერა, მით უმეტეს ასეთ სიტუაციაში“, – ამბობს პაპაშვილი.
ყველაფრის მიუხედავად საკუთარ თავში მონახა ძალა, რომ სირთულეები დაეძლია. საერთოდ გახსნილი ადამიანია და არასდროს დაუმალავს თავისი დიაგნოზი. ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით ცოცხლობს. დაავადების შესახებ ინფორმაციებს ინტერნეტშიც ხშირად ეძებს. გამოკვლევებს სკრინინგ ცენტრში საჭიროებისამებრ იტარებს. თავდაპირველად გამოკვლევებს 3 თვეში ერთხელ იტარებდა, შემდეგ 6 თვეში ერთხელ, ბოლოს წელიწადში ერთხელ. უკვე 6 წელი გავიდა. რა თქმა უნდა ახლა უფრო დამშვიდებულია, მაგრამ ექიმებთან ურთიერთობისას, მაინც ძალიან ღელავს. წუხს ფინანსური პრობლემის გამო, რადგან მუდმივ გამოკვლევებს სათანადო ფინანსები სჭირდება.
​ნანული პაპაშვილი მოუწოდებს ყველას, პირველ რიგში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას მიაქციონ ყურადღება, გამოიკვლიონ ყველაფერი, რაც საჭიროა. მივიდნენ სკრინინგ ცენტრში და ისარგებლონ იმ უფასო გამოკვლევებით, რომელიც დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით.
„ თუ გინდა სიცოცხლე, უნდა იბრძოლო. რაც უფრო დროულად აღმოაჩენ ამ დაავადებას, იმდენად მალე იმკურნალებ და შედეგიც შესაბამისად სახეზე იქნება. ჩემს შემთხვევაში პირველი სტადია იყო და მოვასწარი, მე მიმაჩნია, რომ მოვასწარი“, – აცხადებს ნანული პაპაშვილი.
ამბობს, რომ ამჟამად თავს კარგად გრძნობს და ამისთვის ღმერთს უხდის მადლობას. მხოლოდ გულის პრობლემები აქვს და მკურნალობა ესაჭიროება. ნანული პაპაშვილი სკრინინგ ცენტრთან არსებულ “გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ (ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი ქალების გაერთიანება) წევრია და მიაჩნია, რომ ეს მეგობრების ჯგუფია, რომლებთანაც თავისუფლად შეუძლია იმ თემაზე საუბარი, რაც თითოეულ მათგანს აწუხებს და რის შესახებ ბავშვობის მეგობრებთანაც ვერ ისაუბრებდა.
„აქ ყველას ერთნაირი პრობლემა გვაქვს, ყველას ერთნაირი ტკივილი გვაქვს გამოვლილი და უფრო გახსნილია ურთიერთობა. განტვირთვის საშუალებაა, ხან თეატრი, ხან გასეირნება და ა.შ. ეს გვეხმარება იმაში, რომ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა, გამოვიდეთ მძიმე სტრესული მდგომარეობიდან, ფეხზე დავდგეთ და სხვებსაც დავეხმაროთ“, – აცხადებს ნანული პაპაშვილი. სხვების დახმარებაც ერთგვარი თერაპიაა, როცა სკრინინგ ცენტრის ახალ პაციენტს რჩევა-დარიგებას აძლევს, საკუთარი ტკივილი ავიწყდება და მთლიანად სხვაზე ზრუნავს.
ყველა საკითხზე დეტალურად უყვარს ინფორმაციის გამოკითხვა, რის გამოც, გადაღლილი ექიმები ხშირად „გაუბრაზებია“. რამე რომ არ გამორჩეს, ყველა კითხვას, ჯერ ფურცელზე იწერს და ექიმის კაბინეტს მანამდე არ ტოვებს, სანამ ყველა პასუხებს არ მიიღებს.
ნანული პაპაშვილი 13 წლის განმავლობაში, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იყო საწყობის გამგე, შემდეგ ოპერატორი, ბოლოს კი, უფროსი ოპერატორი (გამოთვლით ტექნიკაზე მუშაობდა) გახდა. ჰყავს ქმარი და ორი ვაჟი (29 და 30 წლის), რომლებიც დედაზე ზრუნავენ და მის თვალებში იმედის ნაპერწკალს ჩაქრობის საშუალებას არ აძლევენ.

კომენტარი