თბილისის კიდევ ერთი დახურული ბაგა-ბაღი აღსაზრდელებს სექტემბრიდან მიიღებს

თბილისის კიდევ ერთი დახურული ბაგა-ბაღი აღსაზრდელებს სექტემბრიდან მიიღებს

1263
გაზიარება

​თბილისის საბურთალოს რაიონში, პეკინის №23(ა)-ში, წლების წინათ დახურული № 74 საბავშვო ბაღი სექტემბრიდან გაიხსნება. შენობას გამაგრებითი – სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა. მოეწყო შენობის შიდა სივრცე და ეზო. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. ​
ბაგა-ბაღის ადგილას შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. ტერიტორია კომპანიამ 15 წლის წინათ შეიძინა, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა.
​როგორც “სითი კვირას” დედაქალაქის მერიაში განუმარტეს, თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. შპს „ელზუროს“ გამსახურდიას გამზირის N23 ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
ბაგა-ბაღში დასრულებული სამუშაოები დღეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა. საბავშვო ბაღში მერთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტისა და საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.
მერის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები შარშან, შემოდგომით დაიწყო და სამუშაოების ღირებულებამ 1 318 000 ლარი შეადგინა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღსაზრდელთა 9, მათ შორის, 2 ბაგის ჯგუფი გაიხსნება, დასაქმდება 70-მდე ადამიანი.
„ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ძალიან ლამაზად გარემონტებული საბავშვო ბაღი. მნიშვნელოვანია, რომ ბაღში ბავშვებისთვის დიდი და კეთილმოწყობილი სივრცეა. ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია და ძალიან მალე დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვის პროცესი. უახლოეს მომავალში მოეწყობა ავეჯით და სამზარეულო ინვენტარით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ახალი ბაღის ასაშენებლად კი ტერიტორიის მოძიება საკმაოდ დიდი პრობლემაა. აღნიშნული ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება. ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვის უზრუნველყოფას შეძლებს.
4G2A7423 copy4G2A7437 copy

კომენტარი