პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე საცობები შეიქმნა

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე საცობები შეიქმნა

832
გაზიარება

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, სააკაძის მოედანზე, შარტავას ქუჩაზე და ზურაბ ჟვანიას მოედანზე დღეს, დილიდან საცობი შეიქმნა. ამან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია.
მათი თქმით, სასურველია მოძრაობა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იყოს დაშვებული, რათა მოქალაქეებმა შეძლონ დანიშნულების ადგილამდე მისვლა. საცობის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს მიკროავტობუსის მძღოლებმაც.
როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განმარტა, თუ ვერ იმოძრავებენ ნორმალურად და მოქალაქეებს არ ჩასვამენ მიკროავტობუსში შესაბამისად თანხას ვერ გამოიმუშავებენ. ეს კი მათ ბიუჯეტს დააზარალებს, რადგან დამქირავებელი კომპანია მათ ამის გამო გარკვეულ შეღავათებს არ დაუწესებს და  დაკისრებული თანხა მაინც უნდა გადაუხადონ.
„ასევე საცობების დროს იხარჯება მეტი საწვავი. დღეს შაბათია არასამუშაო დღეა და უკვე საგიჟეთია, წარმოგიდგენიათ სამუშაო დღეს რა მდგომარეობა იქნება?!“, – განაცხადა მიკროავტობუსის მძღოლმა.
მძღოლები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს იმაში ხედავენ, რომ მათ ჟვანიას მოედნიდან კანდელაკის ქუჩაზე  მოძრაობის უფლება დართონ, ამით ოდნავ განიმუხტება სიტუაცია აღნიშნულ მონაკეთებზე და შიდა ქუჩებიც იმდენად არ დაიტვირთება. “სააკაძის მოედანი ყოველთვის იყო პრობლემური ადგილი  საცობების მხრივ, დღეს მითუმეტეს, ისე უნდა შეადგინონ მოძრაობის სქემა, რომ ეს ტერიტორია განტვირთონ”, – განაცხადა მიკროავტობუსის მძღოლმა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია გუშინ ღამით დაიწყო. სარეაბილიტაციო მონაკვეთში მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი უკვე ამოქმედდა. სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბის სხდომა გუშინ ღამით გაიმართა, სადაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს ოპერატიული დავალებები მისცა.
სამუშაო შტაბში გამართულ სხდომას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, თბილისის მთავრობისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის დასაწყისში დასრულდეს. პროექტის ოპერატიული მართვა 26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან მოხდება.
დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად მოძრაობა გახდა ცალმხრივი. გუშინ ღამით დაიწყო  გზის დაზიანებული საფარის მოხსნის სამუშაოები. დღეს დილიდან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დაიწყო სამუშაოები.
„მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადაადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. გეგმა-გრაფიკის მიხედვით პროექტი ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ “, -განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, პროექტი მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს. მისივე თქმით, გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
„რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი