ეს პროცესი მარათონს ჰგავს, A წერტილიდან B წერტილში უნდა მიხვიდე – ნინო...

ეს პროცესი მარათონს ჰგავს, A წერტილიდან B წერტილში უნდა მიხვიდე – ნინო ცალუღელაშვილი

1437
გაზიარება

51 წლის ნინო ცალუღელაშვილმა მძიმე დაავადების შესახებ, რამდენიმე წლის წინათ შეიტყო. სტრესის მიუხედავად, მალევე მიხვდა, რომ უკან დახევის უფლება არ ჰქონდა. ექიმზე მეტად ისეთი ადამიანის რჩევის მოსმენა სურდა, ვინც ეს ყველაფერი თავის თავზე გამოცადა. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანადგომას. დღეს კი მიაჩნია, რომ ამდენ ნერვიულობად ნამდვილად არ ღირდა.
„თავდაპირველად სიმპტომები არ მქონია. 2013 წელს მივედი რეგულარულ გამოკვლევაზე თბილისის მერიის ეროვნულ სკრინინგის ცენტრში, სადაც დაავადებათა სკრინინგის პროგრამით უფასო გამოკვლევები ტარდება. დარწმუნებული ვიყავი კონტროლზე მივდიოდი და არაფერი მჭირდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა. ეს იყო უდიდესი შოკი თუ სტრესი, არ ვიცი რა დავარქვა”,- ამბობს ნინო.
ექიმის კაბინეტიდან ქუჩაში გამოსულმა, ერთბაშად თითქოს ფერების აღქმის უნარი დაკარგა. აკაკი წერეთლის გამზირი ნაცრისფერი მოეჩვენა. პირველი, ვისაც დაურეკა, მეუღლე იყო. სახლში მისულს, არც შვილებისთვის დაუმალავს მძიმე დიაგნოზი და ოჯახის წევრებთან ერთად დაიწყო ფიქრი, რა მოემოქმედებინა, რა შემდგომი ნაბიჯები გადაედგა.
“მივხვდი, რომ უკან დახევის უფლება არ მქონდა, პასუხისმგებელი ვიყავი შვილების, მეუღლის და მოხუცებული დედის წინაშე. უნდა მებრძოლა. დავიწყე ქირურგის ძებნა. ასევე, მინდოდა მენახა ის პაციენტები, ვინც მსგავსი რამ გადაიტანა. ექიმზე მეტად, ასეთი ადამიანის მოსმენა მსურდა. ერთ-ერთმა მეზობელმა 8 თვის წინ გაიკეთა ოპერაცია და მასთან გავიქეცი, ვიცოდი, რომ გამოცდილი იყო ამ საკითხში. მართლაც დამამშვიდა, ჩემი პრობლემა გულთან მიიტანა და დამარწმუნა ოპერაციის გაკეთებაში. დღემდე მადლობელი ვარ მისი ამის გამო. სხვისი თანადგომა აუცილებელია. ახლა მეცოდება საკუთარი თავი რა მდგომარეობაში ჩავაყენე მაშინ“, – ამბობს ნინო ცალუღელაშვილი.
მკერდზე ოპერაცია 2013 წლის მიწურულს, ახალი წლის წინა დღეებში გაიკეთა. ექიმი საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა და ძლივს მოასწრო დაფინანსების საკითხის მოგვარება. მანამდე, საკუთარ თავზე მუშაობდა. ერთხელ ფიქრისა და ნერვიულობისგან გონებაც დაკარგა. ოპერაციის გადადებაც არ სურდა, რადგან ეშინოდა მდგომარეობა უფრო არ დამძიმებულიყო. ამავე დროს ოპერაციისაც ძალიან ეშინოდა.
„ოპერაციამდე ექიმთან მივედი ციტოლოგია გავიკეთე, იქაც დადასტურდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიაგნოზი, რომ ნამდვილად სიმსივნე მქონდა. ჩემ თავს ვუთხარი, რომ რაღაცნაირად უნდა გავძლიერებულიყავი, გადამელახა ოპერაცია. მოვძებნე ექიმი. ჩემი მოძღვარი და ეკლესიაც ძალიან დამეხმარა, უფრო მხნედ შევედი ოპერაციაზე”,- იხსენებს ნინო.
ოპერაციის დღე ექიმს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე დაანიშნინა, გადაწყვეტილება მიიღო და აღარ სურდა კიდევ ორი კვირით, ექიმის დაბრუნებამდე გადაედო. “ძუძუს კიბოს პირველი სტადია მქონდა. მკერდის მოკვეთა დამჭირდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მერე აღარც ქიმია დამჭირვებია, არც სხივები. ოპერაციის შემდეგ, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელე ცხოვრება“, – ამბობს ნინო ცალუღელაშვილი.
ოპერაციის შემდგომ ნინო ცალუღელაშვილს ხშირად უნატრია, ისეთი ქალბატონების გარემოცვაში ყოფნა, ვისაც მსგავსი პრობლემა გადაუტანია. ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა მას ამის საშუალებაც მისცა და დააკავშირა „გამარჯვებულ ქალთა კლუბთან“, რომელიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ 500-მდე ქალს აერთიანებს. კლუბში გაწევრიანების შემდეგ, ახლა თავად ცდილობს სხვებს დაეხმაროს რთული დღეების ადვილად გადატანაში.
„ყოველ ორ კვირაში ერთხელ მოვდივარ აქ. ეს არის ჩემი მეორე ოჯახი, კლუბის წევრები ძალიან შემიყვარდნენ, დავმეგობრდით. ერთმანეთისთვის ჩვენ ყველაზე საუკეთესო ფსიქოლოგები ვართ. მე ხომ დამეხმარნენ ჩემზე წინ მოსული ქალბატონები, მეც ვცდილობ ახალმოსულებს დავეხმარო. ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ, წელიწადში ორჯერ ვიტარებ გამოკვლევებს და ღვთის წყალობით ყველაფერი კარგადაა“, – ამბობს ნინო ცალუღელაშვილი და ყველას ურჩევს, პირველ რიგში, სანამ ამ დაავადების შესახებ შეიტყობენ, სკრინინგის პროგრამით აუცილებლად ისარგებლონ და უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ. მისი აზრით, რაც უფრო ადრე გამოვლინდება დაავადება, მით უფრო ადვილია მკურნალობა. “ეს პროცესი მარათონს ჰგავს, A წერტილიდან B წერტილში მისვლაა აუცილებელი. მთავარია არ შეშინდე და დაიწყო ბრძოლა”, – ამბობს ნინო.

ავტორი: მარიამ მელაძე

კომენტარი