ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით 2 განსხვავებული პროექტი არსებობს – დავით ზურაბიშვილი

ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით 2 განსხვავებული პროექტი არსებობს – დავით ზურაბიშვილი

1436
გაზიარება

​თბილისის საკრებულოს დეპუტატის, რესპუბლიკური პარტიის წევრ დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა კარგი, ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი მოამზადა, რომელიც ბაზრობის, წინასწარ შერჩეულ ორ სხვადასხვა ადგილას გადატანას და მის ადგილას დიდი პარკის, რეკრეაციული ზონის მოწყობას გულისხმობს, მაგრამ არსებობს მეორე პროექტი, რომელიც იქ დიდი გადახურული სუპერმარკეტის აშენებას ითვალისწინებს.
დავით ზურაბიშვილი, ე.წ ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს სოციალური ქსელში ავრცელებს, სადაც ღიად უჭერს მხარს გენგეგმის მიერ შეთავაზებულ პროექტს, თუმცა ეჭვობს, რომ სახელისუფლო წრეებში ამ საკითხთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნება არ არსებობს და ტერიტორიაზე ბაზრობის მოდერნიზებული ვარიანტის აშენება უფრო პოპულარულია, მაგრამ გენგეგმის წინააღმდეგ ღიად წასვლა უჭირთ. ZZZ-640x389
“ინვესტორი, სწრაფი მოგება, ბიზნესი, ფული და ა.შ. ეს მეორე პროექტი შემოტანილი ჰქონდათ საკრებულოში ურბანული დაგეგმარების კომისიაში და პროექტის მომხრეები სულ ხალხის დასაქმებაზე აპელირებდნენ, სარეკრეაციო ზონა კი კარგია, მაგრამ იქ დასაქმებულ ხალხს რა ვუყოთო, ესენი კიდევ მშენებლობის პარალელურად მათთვისაც გამოყოფენ სივრცეს და აშენების შემდეგ შიგნით შეიყვანენო“,- წერს დავით ზურაბიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ე.წ. ელიავას ბაზრობის მოდერნიზების პროექტი დედაქალაქის საკრებულოში სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა, ძირითადად ოპოზიციისა და თავად გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელების მხრიდან, რის შედეგადაც მისი განხილვა გადაიდო.
“არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ თუ ხანძრის ფაქტი გამოყენებული იქნება ამ პროექტის განხორციელების საბაბად, აქაოდა, ამდენი ხალხი დაზარალდა და ხომ უნდა დავეხმაროთო, მაშინ ნამდვილად გამიჩნდება საფუძველი მიზანმიმართულ ქმედებაზე ვიფიქრო. ბოლოს და ბოლოს ცეცხლის წაკიდება ძველი და გამოცდილი მეთოდია, საბჭოური მემკვიდრეობიდან. ამიტომ, ახლა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ის, თუ რაზე ვიფიქროთ: უბედურ შემთხვევაზე თუ კორუფციული გარიგების მიზნით ჩადენილ დანაშაულზე”,- წერს დეპუტატი.
მისივე აზრით, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარებაზე სახელმწიფომ შესაბამისად უნდა იზრუნოს, მაგრამ, იმავდროულად დახმარების ისეთი ფორმა უნდა გამოინახოს, რომ გენგეგმის ჯგუფის კარგი, ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი, ძალაში დარჩეს.
დავით ზურაბიშვილის აზრით, საზოგადოებაც იმისდა მიხედვით გააკეთებს დასკვნებს, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება.

კომენტარი