ქალები უნდა გავუმკლავდეთ დაავადებას, მან არ უნდა გვაჯობოს – ​ნელი ფილაური

ქალები უნდა გავუმკლავდეთ დაავადებას, მან არ უნდა გვაჯობოს – ​ნელი ფილაური

1534
გაზიარება

ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ, 64 წლის ნელი ფილაურმა, ​რამდენიმე წლის წინათ, თბილისის მერიის ეროვნულ სკრინინგ ცენტრში შეიტყო. მანამდე ექიმთან ვიზიტზე  არასდროს ყოფილა, თუმცა, როგორც კი, მკერდის არეში რაღაც საეჭვო შენიშნა, მაშინვე მიმართა ეროვნულ სკრინინგ ცენტრს, სადაც დაავადებათა სკრინინგის პროგრამით უფასო გამოკვლევები ტარდება. ბიოფსიის პასუხი მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადია აღმოჩნდა. ხოლო, როცა ოპერაცია დაინიშნა მდგომარეობა უკვე გართულებული იყო.

როგორც ქალბატონი ნელი ამბობს, მკერდის არეში ტკივილებს არ გრძნობდა, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა კანქვეშ პატარა მარცვლის ოდენა სიმაგრე. მიუხედავად, ამისა, ცოტაოდენი ეჭვიც კი არ გასჩენია, რომ მის ორგანიზმში საშინელი დაავადება მწიფდებოდა.

„ამ შემთხვევამდე ექიმთან არ ვყოფილვარ. ერთხელ, შემთხვევით აღმოვაჩინე კანქვეშ პატარა სიმინდის მარცვალივით რაღაც. მხოლოდ მეზობლის ქალს გავუმხილე. მან კი მაშინვე ეროვნულ სკრინინგ ცენტრში წამიყვანა. მის დას ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია და იცოდა, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. მეგონა არაფერი იქნებოდა, გადავიღე მამოგრაფია, გამსინჯა მამოლოგმა და ექოსკოპისტმაც. მითხრეს, რომ აუცილებლად ბიოფსიის გაკეთება იყო საჭირო. ბიოფსიის პასუხი ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადია აღმოჩნდა“, – იხსენებს ქალბატონი ნელი.

საოჯახო საქმეების გამო ქალბატონი ნელი არ ჩქარობდა ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ბოლოს ექიმთან რომ მივიდა, უკვე გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. როგორც თავად ამბობს, ძლიერი ხასიათი აქვს, ამტანია და იმედი ჰქონდა, რომ ოპერაციის მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა. ახლობლებს თავად ამშვიდებდა და შვილების ნერვიულობას ერიდებოდა.

„მაინცდამაინც არ ვნერვიულობდი, რადგან შინაგანად ამტანი ვარ. სადღაც მქონდა იმედი, რომ გავიკეთებდი ოპერაციას და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ხოლო, სანამ დაფინანსება მომივიდა, სანამ ექიმი ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, სიმსივნე უკვე მესამე სტადიაში გადავიდა. ოპერაციამდე ჩემ თავს ვაწყნარებდი, ექიმმა მითხრა, როგორი განწყობითაც შევიდოდი ოპერაციაზე, ისე წარიმართებოდა პროცესი. საავადმყოფოს მოსაცდელში ახლობლები მგულშემატკივრობდნენ და არ მინდოდა ჩემს გამო ენერვიულათ, ამიტომ, სულ ხუმრობა-ხუმრობით შევედი საოპერაციოში. თუმცა ოჯახის წევრები ძალიან განიცდიდნენ. ალბათ, მე არ ვნერვიულობდი ისე, როგორც ისინი. პენსიონერი ვარ, შვილების გაზრდა მარტოს მომიწია და იმათ ნერვიულობას უფრო ვერიდებოდი“,- ამბობს ნელი ფილაური.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა შემდგომი პერიოდი რთული აღმოჩნდა. ძლიერის ქიმიის შედეგად გასცვივდა თმები, რაც ადვილი გადასატანი ნამდვილად არ იყო.

ნელი ფილაური გამოჯანმრთელების იმედს ერთი წუთითაც არ კარგავდა. დიაგნოზის თანახმად, ძუძუს სექტორული მასტექტომია და იღლიაში ლიმფური კვანძების ამოკვეთა დასჭირდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ნარკოზიდან ადვილად გამოვიდა. ჭრილობის მოშუშების შემდეგ დრენაჟიც ამოუღეს, მერე კი სასწრაფოდ ქიმია დაუნიშნეს.

“ძლიერი ქიმიის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად სხვა პაციენტებს ვამხნევებდი. ერთი სული მქონდა 21-ე დღეს ქიმია გამეკეთებინა და არ ჩამეგდო“,-იხსენებს ნელი ფილაური.

ქიმიასთან ერთად სხივური ტერაპიაც დასჭირდა. ცდილობდა არავინ შეეწუხებინა და სხვებსაც მოუწოდებდა, საჭიროების მიხედვით ოპერაცია აუცილებლად გაეკეთებინათ.

„საერთოდ ავადმყოფმა უნდა მოითმინოს და ექიმს დაუჯეროს. როგორც ქიმიოთერაპევტმა მითხრა, ისე ვიქცეოდი, დიეტა არ დამირღვევია. ვცდილობდი არავინ შემეწუხებინა და საჭმელსაც ჩემით ვიმზადებდი, ოჯახის საქმეებს ჩვეულებრივად ვუძღვებოდი. მერე ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევაზე ვიყავი, სადაც ქალბატონი იყო მოსული, მასაც სიმსივნე ჰქონია, ოპერაციის გაკეთებას არ აპირებდა, მაგრამ დავარწმუნე, რომ აუცილებელი იყო, რათა სიტუაცია არ გართულებოდა. საბოლოოდ იმ ქალბატონმა ოპერაცია გაიკეთა “,- ამბობს ქალბატონი ნელი.

„გამარჯვებულ ქალთა კლუბში“, რომელიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ 400-მდე ქალს აერთიანებს, მეზობლის დახმარებით მოხვდა. მათგან ბევრი უსეთი რამ შეიტყო, რაც ოპერაციის შემგომი სირთულეების გადალახვაში დაეხმარა. თუმცა, მთავარი რასაც ნელი ფილაური ქალებს ურჩევს, ისაა, რომ ცხოვრების წესად აქციონ პროფილაქტიკური გამოკვლევები. ჩაერთონ დაავადებათა სკრინინგის პროგრამაში, რომლითაც წლებია უფასო გამოკვლევების ჩატარების საშუალება აქვთ ქალებსაც და მამაკაცებსაც.

„ქალები უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას. დაავადებამ კი არ უნდა გვაჯობოს, ჩვენ უნდა ვაჯობოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, ყველამ თავის თავს უნდა შემოუძახოს, რომ ამ ავადმყოფობაზე ძლიერია და სწორედ მაშინ უნდა მივიდეს გამოკვლევაზე, როცა არაფერი აწუხებს“,-ამბობს ნელი ფილაური.

კომენტარი