თბილისის ზოოპარკი დაობლებული დათვის ბელების რეინტროდუქციაზე იზრუნებს  

თბილისის ზოოპარკი დაობლებული დათვის ბელების რეინტროდუქციაზე იზრუნებს  

671
გაზიარება

ბრაკონიერების მიერ მოკლული დათვების ობლად დარჩენილი ბელების რეინტროდუქციაზე თბილისის ზოოპარკი, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესთან“ ერთად იმუშავებს და ეცდებიან შეფარებული ბელები იმგვარად გაზარდონ, რომ საბოლოოდ მათი ტყეში გაშვება შესაძლებელი იყოს. ეს კი ძალიან რთული, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
​თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია საზოგადოებას, ჯუჯღუნა და ბუტია დათვის ბელ მუნოს აცნობს, რომელიც დედაქალაქში აჭარიდან ჩამოიყვანეს. სავარაუდოდ დედა ბრაკონიერებმა მოუკლეს და ამგვარად ტყეში უპატრონოდ მიტოვებული უპოვიათ.
​როგორც “სითი კვირას” თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, გახშირდა შემთხვევები, როცა დედა დათვს კლავენ, ბელები კი სახლში მიჰყავთ, რამდენიმე თვეში, როცა დათვის ბელი ნამდვილ მტაცებელს ემსგავსება და მისი მოვლა რთულდება, ეძებენ ადგილს, სად ჩააბარონ დათვის უკვე მოზრდილი ნაშიერი.
“შემდეგ იწყება დათვების სევდიანი თავგადასავალი, ხელიდან ხელში, გალიიდან გალიაში გადადიან, ხშირ შემთხვევაში ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, პატარა სივრცეში, გისოსებში, ხანდახან ჯაჭვით დაბმულნი და ასე გრძელდება მათი სიცოცხლის ბოლომდე”,- აცხადებენ ზოოპარკში.
​მათივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკს წლების განმავლობაში უკვე 20-მდე ტყვე დათვი ჰყავდა შეფარებული. თუმცა, ზოოლოგიურ პარკში ამდენი დათვისთვის საკმარისი ადგილი და პირობები არ იყო, მაინც დაიტოვეს იმ პირობით, რომ სამომავლოდ ახალი თავშესაფარი აშენდებოდა, სადაც ცხოველებს გადაიყვანდნენ, თუმცა უშედეგოდ.
2015 წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ განაგრძეს თავშესაფრის იდეაზე მუშაობა და შედეგად, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ვოლიერი აშენდა, სადაც დათვების განკარგულებაში ჰექტარზე მეტი ფართობია.
“როცა სტიქიას გადარჩენილი სამი და ერთიც ჩაბარებული დათვი ახალ საცხოვრებელში დავაბინავეთ, უფრო დიადი მიზანი დავისახეთ: მოგეხსენებათ, ადამიანების გვერდით გაზრდილი დათვის ბუნებაში დაბრუნება უაღრესად რთულია. ადამიანი მისთვის საკვების წყაროა და დიდია ალბათობა, ადრე თუ გვიან, ისევ დასახლებულ პუნქტს მიაკითხოს. თუმცა, თუ ბელს შესაბამისად გაზრდი – ასწავლი ადამიანისგან განრიდებას, საკვების დამოუკიდებლად მოპოვებას და ის შეძლებს სხვა დათვებთან სოციალიზაციას, მისი ბუნებაში გაშვება განხორციელებადი რეალობა ხდება”,- აცხადებენ ზოოპარკში.
აღსანიშნავია, რომ დათვი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა.

კომენტარი