თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის საჯარო განხილვას ბიზნესმენები დაესწრნენ

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის საჯარო განხილვას ბიზნესმენები დაესწრნენ

182
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის საჯარო განხილვა დღეს, ტექნოპარკში გაიმართა. ​ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. დოკუმენტი მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ წარადგინა.
გენგეგმის ჯგუფის წევრებმა საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, მათ მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნეს, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესმენები გენერალური გეგმის შემდგომი აღსრულების მექანიზმებით დაინტერესდნენ, გენგეგმის დოკუმენტის მიღების შემდეგ, ზედმეტად ხომ არ გამკაცრდება მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის მშენებლობის სფეროში. გამოითქვა მოსაზრებები პარკირების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებითაც. შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ გენგეგმის პროექტთან დაკავშირებით, ბიზნესმენები საკუთარ მოსაზრებებს მერიას აგვისტოს ბოლომდე წარუდგენენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. “ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია, იმის შესახებ, რასაც გენერალური გეგმის ჯგუფი გვთავაზობს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა მანამდე გაიმართა თბილისის საკრებულოში, არქიტექტორთა კავშირში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში.

კომენტარი