ჩიფსები, ჟელიბონები, გაზიანი სასმელები სკოლებში აღარ გაიყიდება – ალექსანდრე ჯეჯელავა 

ჩიფსები, ჟელიბონები, გაზიანი სასმელები სკოლებში აღარ გაიყიდება – ალექსანდრე ჯეჯელავა 

67
გაზიარება

ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში აიკრძალება წასახემსებელი საკვების – ჩიფსების, ე.წ სუხარიკების, ჟელიბონების, ასევე, ტკბილეულის – კანფეტების, შოკოლადის და გაზიანი მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების გაყიდვა. ასევე, საჯარო სკოლებში შესაძლოა აღდგეს შრომის გაკვეთილები.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში, ექიმ-ნუტრიციოლოგების რეკომენდაციითა და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის რამდენიმე დიდ სკოლაში, საპილოტე პროექტს განახორციელებს, რომლის თანახმად, კვირაში ერთხელ მოსწავლეები დასვენებაზე ვაშლს უფასოდ მიიღებენ.
მინისტრის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება სექტემბრიდან დაიწყება და დეკემბრამდე გასტანს.
„თბილისის სკოლებში სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, შემოდგომაზე დავიწყებთ კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების კამპანიას. რთული პროექტია, ძვირადღირებული. მეორე მხრივ, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
​მისივე თქმით, ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000 – 60 000 იქნება.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ასევე, სკოლების შენობების რეაბილიტაციასა და ახალი სკოლების ახალი ტექნოლოგიებით აშენებაზე.
​მინისტრის აზრით, სკოლებში უნდა აღდგეს შრომის გაკვეთილები. დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრებისა და ჯანსაღი კვების წესი.

კომენტარი