საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

425
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  სხდომა გაიმართა, რომელზეც  დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 48 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის მოცულობა 1 მილიონ 465,2 ათასი ლარით იზრდება.

პროექტი დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა წარუდგინა.

როგორც გაიოზ თალაკვაძემ განმარტა,  აღნიშნული თანხიდან 500 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და ის 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება.

მისივე თქმით, ცვლილების პროექტში ასევე ასახულია „100 მედეგი ქალაქის პროექტის“ ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მისაღები გრანტი, რომელიც 31,2 ათას ლარს შეადგენს. ამასთან, ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით 934,0 ათასი ლარით იზრდება  სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი, რომელიც მიმართულია წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისთვის.

რაც შეეხება განვლილ პერიოდში მიღებულ ეკონომიებს, გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, ბიუჯეტში მოძიებული რესურსები ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გადანაწილდება.

აღნიშნულ საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა  დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მიერ წარმოდგენილი წერილები განიხილეს.

კარლო ლაფერაძემ დეპუტატებს ის საკითხები წარუდგინა, რომლებიც თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის იჯარით, პირდაპირი განკარგვითა და გაცვლის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.

სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდნენ, დედაქალაქის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარი