თბილისის გენგეგმამ 13 წლის განმავლობაში, ყველა მომდევნო მერის პირობებში უნდა იმუშაოს

თბილისის გენგეგმამ 13 წლის განმავლობაში, ყველა მომდევნო მერის პირობებში უნდა იმუშაოს

941
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა, მას შემდეგ, რაც პროექტს დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს, 13 წლის განმავლობაში თბილისის მთავრობის სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდება და მასზე გავლენას, ვერც ერთი თვითმმართველობის არჩევნები ვერ მოახდენს.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, არქიტექტორმა გოგი აბაშიძემ განუცხადა, გენგეგმაში განსაზღვრული ქალაქის განვითარების სტრატეგიები უფრო ხანგრძლივია ვიდრე თვითმმართველობის ერთი არჩევნები და ამ დოკუმენტის მიზანიც სწორედ ის არის, რომ დედაქალაქის ყველა მთავრობის პირობებში იმუშაოს და თაროზე არ შემოიდოს.
„აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ ახალი მერის არჩევის შემთხვევაში დოკუმენტი თაროზე შემოიდება. ამ დოკუმენტებმა 13 წლის განმავლობაში, სამი სხვადასხვა მერის პირობებში უნდა იმუშაოს. თბილისის რომელიმე მერი თუ გადაწყვეტს ამ დოკუმენტის უგულვებელყოფას, ის კანონს დაარღვევს და ეს ცალკე რეალობაა. მაგრამ ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობაა ის რომ მოვთხოვოთ მთავრობას და მერს, იმუშაონ სტრატეგიული დოკუმენტების თანახმად, რომელიც დამტკიცებულია“, – განაცხადა გოგი აბაშიძემ.
რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ გენგეგმაში არ არის ასახული თბილისის სატრანსპორტო სქემა. გოგი აბაშიძე განმარტავს, რომ სატრანსპორტო სქემა არის საბჭოთა ტერმინი, დღესდღეობით სატრანსპორტო სისტემა სხვა სახით იყოფა. გენგეგმაში ასახულია ზოგადი სახით სატრანსპორტო გადაწყვეტები, ის რაც მოითხოვება გენგეგმის მასშტაბით, ხოლო შემდგომი, კონკრეტული გადაწყვეტები უნდა იყოს ასახული სატრანსპორტო მასტერპლანში, რომელსაც დღეს მზარდი მობილობის გეგმა ჰქვია.
მისივე განმარტებით, გენგეგმის სქემა მოიცავს ძირითად დერეფნებს, მობილობის ძირითად ხაზებს, ძირითად ხიდებსა და კავშირებს. ხოლო ცალკეულ ნაგებობებთან დაკავშირებით, გენგეგმის ჯგუფი ზოგად რეკომენდაციებს იძლევა, მათ შორის ძველი საცხოვრებელი სახლების, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების მექანიზმთან დაკავშირებით.
„ექსპლუატაციიდან გასული შენობების ახლით ჩანაცვლების მექანიზმები და ადმინისტრაციული გადაწყვეტები გენგეგმაში არ არის. ქალაქის განვითარების მთავარ გეგმაში ასახულია მიწათსარგებლობითი საკითხები, ანუ რა სიმჭიდროვის, რა ფუნქციის ნაგებობები უნდა განთავსდეს სხვადასხვა არეალებში. რაც შეეხება ცალკეული ნაგებობის ტიპებს, ამაზე არის ზოგადი რეკომენდაციები მოქცეული გენგეგმის ფარგლებში, მათ შორის იმასთან დაკავშირებით თუ სად არის თავმოყრილი დედაქალაქის ძირითადი სარეკონსტრუქციო რესურსი, მინიშნებულია როგორც რუკაზე, ისე დამუშავებულია წიგნში“, – აცხადებს გოგი აბაშიძე.
​მისივე განმარტებით, ე.წ ხრუშჩოვკების განახლების და სანირების საკითხი, შემდგომი მუშაობის სფეროა, რომელიც საჭიროებს ყოველი ობიექტისადმი ინდივიდუალურ შესწავლას და გარკვეული ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, რაც არ არის გენგეგმის საგანი.

კომენტარი