გენგეგმის ჯგუფი თბილისს ასეულობით ჰექტარ საპარკო-სარეკრეაციო ტერიტორიას სთავაზობს

გენგეგმის ჯგუფი თბილისს ასეულობით ჰექტარ საპარკო-სარეკრეაციო ტერიტორიას სთავაზობს

978
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, სხვა უამრავ აქტუალურ საკითხთან ერთად საპარკე-სარეკრეაციო სივრცეების განსავითარებლად დედაქალაქს, რამდენიმე ასეულ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას სთავაზობს. ასეთი ტერიტორიები თბილისის თითქმის ყველა რაიონში მოინიშნა, როგორც ქალაქის გარეუბნებში, ასევე მის ცენტრალურ ნაწილში.
როგორც “სითი კვირას” ​თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ორგანიზაცია ​„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, ქალაქის ტერიტორიაზე, ერთ სულ მოსახლეზე სარეკრეაციო სივრცეების სიმწირისა და სარეკრეაციო ტერიტორიების არათანაბარი დაფარულობის გამო, ყველა უბნისთვის, პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ ახალი, საერთო სარგებლობის მწვანე სარეკრეაციო სივრცეების შექმნა წარმოადგენს.
მისივე განმარტებით, თბილისის განახლებული გენგეგმა, ქალაქს სთავაზობს ახალი გამწვანებული არეალების შექმნისათვის კონკრეტულ ტერიტორიებს მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც უკვე ასახულია გენგეგმის ძირითად რუკაზე.
ამგვარ ტერიტორიათა რიცხვს მიეკუთვნება: გლდანის ხევის სამეზობლო მნიშვნელობის პარკი (არანაკლებ 1 ჰა), დიდი დიღმის საპარკო ზონა (საუბნო მნიშვნელობის ლანდშაფტური საპარკო ზონა – არანაკლებ 5 ჰა), ფონიჭალის საუბნო მნიშვნელობის მდინარისპირა საპარკო ზონა (არანაკლებ 5 ჰა), გლდანი-მუხიანის საუბნო მნიშვნელობის საპარკო ზონა (საორიენტაციო ფართობი – არანაკლებ 10 ჰა), ვაზისუბნის სარაიონო მნიშვნელობის მდინარისპირა საპარკო ზონები (საორიენტაციო ფართობი – არანაკლებ 40 ჰა), თემქის სარაიონო მნიშვნელობის საპარკო ზონა (საორიენტაციო ფართობი – არანაკლებ 20 ჰა), საუბნო მნიშვნელობის მდინარისპირა ბულვარი, მეტეხის ხიდიდან, დეკაბრისტების მოედნამდე (არანაკლებ 2 ჰა), ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის საპარკო ზონა (საორიენტაციო ფართობი – არანაკლებ 20 ჰა), იპოდრომის სარაიონო მნიშვნელობის მწვანე, ღია სივრცე (საორიენტაციო ფართობი – არანაკლებ 40 ჰა), დირსიჭალა-ფონიჭალის საქალაქო მნიშვნელობის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (არანაკლებ 150 ჰა), დიღმის ჭალები – საქალაქო მნიშვნელობის ლანდშაფტურ-საპარკო ზონა (საორიენტაციო ფართობი – არანაკლებ 200 ჰა) და სხვ.
მამუკა სალუქვაძის თქმით, დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია მდინარე ვერეს ხეობის სარაიონო მნიშვნელობის ლანდშაფტურ საპარკო ზონად განვითარება, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის ზოოპარკის რელოკაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ამჟამინდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული ყველა სივრცე აღნიშნული საპარკო ზონის ნაწილად იქცეს.
​საპარკო არეალებთან დაკავშირებით მიღებული გეგმარებითი გადაწყვეტილებები ეყრდნობა თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციაში წარმოდგენილი „მწვანე ქალაქის“ სქემას. გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინეთ გენერალური გეგმის განახლების კონცეპტუალური ხედვა, კერძოდ, ქალაქის მდინარეთა ხევებისა და ხეობების გამოთავისუფლება, მათი ქალაქის ურბანულ სტრუქტურაში ჩართვა, მათი სარეკრეაციო პოტენციალის ათვისება”,- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრების მიერ, უცხოელ და ქართველი პარტნიორებთან თანამშრომლობით მომზადებული მასშტაბური დოკუმენტი, ათასზე მეტ გვერდს, დაახლოებით 100-მდე ძირითად და თემატურ რუკას და სქემას მოიცავს.

კომენტარი